2022-07-13

საერთაშორისო კონფერენცია რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში

თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში, რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის, ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი - ნათია ვაშაყმაძეა.

რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იყო, შეხვედრას დაესწრო 200 დელეგატი როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შეხვედრაზე წამყვან ქართველ ექსპერტებთან ერთად ლექციები წაიკითხეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს უცხოელმა სპიკერებმა.

ქალბატონ ნათიას ჰქონდა 2 მოხსენება - ჰიპერპროლაქტინემიის, დისლიპიდემიისა და გულსისხლძარღვთა რისკების შეფასებისა, ასევე მკურნალობის შესახებ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა ეტაპზე.

ნათია ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ითარგმნა და გამოიცა ჰიპერპროლაქტინემიის გაიდლაინი, ასევე ექიმის ორგანიზებით რეგულარულად ტარდება უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობები. აღნიშნული საერთაშორისო შეხვედრა რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენცია გახლდათ, რომელიც ქალბატონი ნათიას ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა.