უშაქრო დიაბეტი მთავარი ფოტო

2022-09-04

უშაქრო დიაბეტი - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების პრევენციისთვის?

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ უშაქრო დიაბეტი არავითარ კავშირში არაა შაქართან და სისხლში შაქრის დონის მატებასთან. ამიტომ ლოგიკურია, რომ მას მოიხსენიებენ როგორც “უშაქრო”. მაგრამ რატომ ჰქვია დიაბეტი?

ამის შესახებ გვესაუბრა კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე.

 

რა არის უშაქრო დიაბეტი, მისი სიმპტომები და ნიშნები

თვითონ სიტყვა დიაბეტი მოდის ბერძნული ენიდან და ნიშნავს სიფონს - წყლის გამტარ მილს. ალეგორიას რომ მივმართოთ, დიაბეტის მქონე ადამიანის ორგანიზმი ფუნქციონირებს როგორც სიფონი ანუ წყალგამტარი, ესაა, როცა ადამიანი სვამს ბევრ წყალს შედეგად გამოყოფს ძალიან ბევრ სითხეს ანუ სიფონივით ატარებს მას. ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს უშაქრო დიაბეტის დროს. ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს წყალს, შესაბამისად ხშირი ინტენსივობით შარდავს.

მსგავსი სიმპტომი ახასიათებს შაქრიან დიაბეტს, მაგრამ უშაქრო დიაბეტის დროს, როგორც წესი, უფრო მკვეთრად არის გამოხატული ეს პრობლემა. პირის სიმშრალე, წყურვილი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ხშირი შარდვა, მათ შორის, ღამით შარდვა -  უშაქრო დიაბეტის დროს ეს ყველაფერი საერთოდ არაფერ კავშირში არაა შაქართან. 

თავის ტვინში არის ასეთი ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც მთავარი ენდოკრინული ჯირკვალია. სწორედ, ის დირიჟორობს სხვა დანარჩენებს. იგი იყოფა ორ ნაწილად, ადენოჰიპოფიზად და ნეიროჰიპოფიზად. მათ ზემოთ კი ჰყავთ “უფროსი” - ჰიპოთალამუსი. 

ზუსტად იქ წარმოიქმნება და შემდეგ ნეიროჰიპოფიზში გამოიყოფა ანტიდიურეზული ჰორმონი, ანუ ვაზოპრესინი. ეს არის ჰორმონი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში აკონტროლებს წყლის ცვლას. 

უშაქრო დიაბეტის კონსულტაცია

 

ხშირი შარდვა და პირის სიმშრალე

ხშირ შარდვას ეწოდება პოლიურია, ხოლო წყურვილის გაზრდილ მოთხოვნილებას პოლიდიფსია. ხშირი შარდვა და პირის სიმშრალე ძალიან გავრცელებული სიმპტომებია, რითაც იტანჯებიან პაციენტები. ვინაიდან, უშაქრო დიაბეტის სიმპტომები ასევე მოიცავს ღამით შარდვას, ამ მიზეზით ადამიანებს ძალიან ეცვლებათ ძილის რეჟიმი.

უშაქრო დიაბეტის სიმპტომები ხშირ შემთხვევაში უფრო ვითარდება და პაციენტს ეწყება თავის ტკივილი, უმცირდება ნერწყვის გამოყოფა, უშრება კანი. დაავადების მიმდინარეობის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის სიმპტომებიც იჩენს თავს.

რას აკეთებს ანტიდიურეზული ჰორმონი?

დიურეზი გულისხმობს შარდის გამოყოფას.  შესაბამისად, ანტიდიურეზული ჰორმონი შარდვის გამოყოფას ეწინააღმდეგება. ეს ჰორმონი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას.

მისი გამომუშავება მარტივ წესს ექვემდებარება. მაგალითად, თუკი მოვხვდით უდაბნოში, ორგანიზმიდან სითხე იკარგება და სკამარისად ვერ ივსება, ამ დროს მეტი ანტიდიურეზული ჰორმონი გამოიყოფა, რომ ძვირფასი წყალი ორგანიზმმა არ დაკარგოს ან არ გაუწყლოვდეს.

ხოლო როცა ძალიან ბევრ წყალს ვსვამთ, იმისთვის რომ ორგანიზმი წყლით არ მოიწამლოს, თქვენ წარმოიდგინეთ წყლით ინტოქსიკაციაც არსებობს, რომელიც საკმაოდ საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს. ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფა წყდება, რომ ზედმეტი წყალი, რაც ორგანიზმიდან მივიღეთ გამოიყოს. ეს ყველაფერი ხდება  ისე, რომ წყლის ბალანსი ორგანიზმში ყოველთვის ნორმაშია. 

მაგრამ, როდესაც ნეიროჰიპოფიზი ზიანდება და აღარ გამოიყოფა ანტიდიურეზული ჰორმონი, ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი ვერ აკავებს წყალს და მუდმივად ხდება წყლის გადინება ორგანიზმიდან. 

ანტიდიურეზული ჰორმონი ჩვენს თირკმელებში 24 საათის მანძილზე გაფილტრული წყლის დაახლოებით 10 %-ს აკონტროლებს. ჯამურად, ეს არის საშუალოდ 10 ლიტრი წყალი დღეში,

ეს პროცესი უფრო დეტალურად აღვწეროთ -  სისხლი მუდმივად მოძრაობს თირკმელებში, იფილტრება, რაც უსარგებლოა შარდის გზით გამოიყოფა და რაც სასარგებლოა, უკან შეიწოვება, უკან შეიწოვება ასევე წყალიც. თუმცა, ანტიდიურეზული ჰორმონის დეფიციტის დროს იკარგება გაფილტრული სისხლის დაახლოებით 10%, რაც 24 საათის მანძილზე საშუალოდ 10 ლიტრამდეა.  

ამიტომაც, წარმოუდგენლად დიდი ოდენობით შარდი გამოიყოფა უშაქრო დიაბეტის დროს. შეიძლება ეს იყოს ცოტა მეტი, ან უფრო ნაკლები იმაზე, რაც ვახსენეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან ბევრია და ადამიანს დიდი რაოდენობით უწევს სითხის მიღება, იმისათვის რომ დეჰიდრატაციას თავი დააღწიოს. 

როგორც ექიმი გვეუბნება, ამ დაავადების მკურნალობა ძალიან ეფექტურად არის შესაძლებელი ანტიდიურეზული ჰორმონით - ვაზოპრესინის ანალოგით, დესმოპრესინით. 

ადამიანები ძალიან ხშირად შედიან შეცდომაში, ამიტომ ექიმი კიდევ ერთხელ გვთხოვს აღვნიშნოთ, რომ უშაქრო დიაბეტი არავითარ კავშირში არაა შაქრიანთან და სისხლში შაქრის დონესთან.

 

უშაქრო დიაბეტის გართულებები

არსებობს იშვიათი ფორმა ადიფსიური უშაქრო დიაბეტი, როდესაც ადამიანს არ აქვს წყურვილის შეგრძნება, მიუხედავად წყლის უზარმაზარი დანაკარგისა. ეს კიდევ უფრო რთული შემთხვევაა.

ჩვეულებრივ, როცა პაციენტი კარგავს დიდი რაოდენობით წყალს, თუ არ დააბალანსა ეს დანაკარგი, შეიძლება განვითარდეს სერიოზული დეჰიდრატაცია, ანუ ორგანიზმიდან გამოიყოს იმდენად ბევრი წყალი, რომ ადამიანი დეჰიდრატირდეს. თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა, საბოლოდ  შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს.

არანამკურნალები უშაქრო დიაბეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხს ძალიან აქვეითებს. მაგალითად, ადამიანს ყოველდღე უწევს 8-10 ლიტრი შარდის გამოყოფა, ეს გულისხმობს, რომ დაახლოებით ყოველ 20-30 წუთში უნდა შევიდეს საპირფარეშოში და ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად აისახება  მის მდგომარეობაზე.

უშაქრო დიაბეტი სისხლში იწვევს ელექტროლიტური ცვლის მოშლას. ეს შეიძლება გამოიხატოს ნატრიუმის ცვლის დარღვევით, ნატრიუმისა და კალიუმის დონის ცვლილებით. ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროლიტია და მათი დონის მკვეთრი ცვლილება ზოგჯერ ძალიან მძიმე გართულებებით სრულდება.

დიაბეტის მკრუნალი ექიმი ნათია ვაშაყმაძე კარგ ამბავსაც გვიზიარებს - სწორი და დროული მკურნალობით შეიძლება ამ ყველაფრის მოწესრიგება და პაციენტის ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნება. 

როდესაც ნეიროჰიპოფიზი ზიანდება, როგორც წესი, ვითარდება მუდმივი უშაქრო დიაბეტი. ზოგჯერ თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ეს ტრანზიტორულად ხდება, მაგრამ უმეტესად მუდმივია და პაციენტს მთელი ცხოვრება სჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია ვაზოპრესინის ანალოგებით.

 

რომელია უფრო საშიში უშაქრო თუ შაქრიანი დიაბეტი?

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ენდოკრინოლოგს ეს კითხვაც დავუსვით. როგორც ექიმი გვეუბნება, ამ მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს.

გააჩნია, როგორ მივხედავთ და მოვუვლით დაავადებას. ნებისმიერი დაავადება შეიძლება გახდეს ძალიან საშიში, თუ არ მიექცა დროული ყურადღება, ისევე როგორც უშაქრო და შაქრიანი დიაბეტი (ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება). მაგრამ ექიმთან მისვლით,  რეკომენდაციების დაცვითა და მკურნალობის სწორი მიმართულების შერჩევით მათი გაკონტროლება შესაძლებელია.

 

რეალურად, უყურადღებობის შემთხვევაში ორივე ძალიან აზიანებს ორგანიზმს. შაქრიანის შემთხვევაში გართულებების ჩამოსაყალიბებლად დაახლოებით 5 წელი მაინც არის საჭირო. ცუდი ამბავი ისაა, რომ გართულების შემთხვევაში პროცესი შეუქცევადია. 

არსებობს ასეთი ტერმინი - მეტაბოლური მეხსიერება. როგორც ჩვენ გვახსოვს ვინ გვაწყენინა ან გაგვახარა, დაახლოებით ანალოგიურად იმახსოვრებს ორგანიზმიც თუ როგორ ვეპყრობით მას.

მეტაბოლური მეხსიერება არის მიზეზი, რის გამოც მკურნალობას შეიძლება ისეთი კარგი შედეგი არ ჰქონდეს და გართულებები მაინც წინ წავიდეს. მაგალითად, პაციენტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ არეგულირებდა სისხლში შაქრის დონეს და ახლა უცებ მოინდომა ყველაფრის გამოსწორება, წარსული უყურადღებობა უკვალოდ არ ჩაივლის და შედეგი სრულყოფილი ვერ იქნება.

მაგრამ მეორეს მხრივ, ორგანიზმს ასევე ახსოვს თავიდანვე რომ კარგად ვექცეოდით და ვუვლიდით. ახლა უცებ რამდენიმე თვე თუ “გადავუხვიეთ გზიდან” და მზრუნველობა მოვადუნეთ, ამას გვაპატიებს და რამე მწვავე გართულება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

თუ ზემოთ ხსენებული საკითხები თქვენთვის უცხო არ არის მაშინ დაიწყეთ უშაქრო დიაბეტის მკურნალობა ჰელსიკორში.

ასე რომ, კლინიკა ჰელსიკორის ექიმი ნათია ვაშაყმაძე ყველას გვირჩევს, აქტიურად დავიწყოთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ სერიოზული დაავადების პრევენციისთვის საჭიროა დროულად მივიდეთ ექიმთან, პერიოდულად ჩავიტაროთ, სულ მცირე, სკრინინგული კვლევები ან გავიაროთ კონსულტაციები.  გართულების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და მკურნალობის სწორი გზის არჩევა.