ექიმი -  ენდოკრინოლოგია

2022-08-27

ენდოკრინოლოგია - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ენდოკრინოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და აქტუალური დარგია. იგი შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და მათ მიერ გამოყოფილ ჰორმონებს. მედიცინის ამ მიმართულების შესახებ გვესაუბრა კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ნათია ვაშაყმაძე.

 

 

რა არის ენდოკრინოლოგია?

მარტივად რომ ვთქვათ, ეს მეცნიერება შეისწავლის ჰორმონებს. ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა სხვადასხვა ფუნქციის მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც ჰორმონები ეწოდებათ. 

ისინი გამომუშავდება ენდოკრინულ ჯირკვლებში. ჯირკვლოვანი ორგანოები ენდოკრინული სისტემის ორგანოებია, რომლებიც გაფანტულია მთელს ორგანიზმში - თავის ტვინიდან დაწყებული, მენჯის ღრუთი დამთავრებული. 

ამ ორგანოებს აქვთ სპეციალიზებული კონკრეტული ფუნქციები. ზოგადად, ენდოკრინულ სისტემას აქვს უზარმაზარი როლი, იგი ახდენს ორგანიზმის ინტეგრაციას. ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩვენს ორგანიზმში აქვს მხოლოდ 2 სისტემას: ერთი არის ნერვული სისტემა, მეორე კი გახლავთ ენდოკრინული სისტემა. ის აერთიანებს მთელს ორგანიზმს, მილიარდობით უჯრედს ამუშავებს ერთად, როგორც ერთ მთლიან სისტემას.

სისტემა ჰორმონების მეშვეობით მუშაობს. გამომუშავდება რა ჰორმონი, ის გადმოდის სისხლის მიმოქცევაში და მისი მეშვეობით მიეწოდება მთელს ორგანიზმს. აღმქმელი რეცეპტორების მეშვეობით ჰორმონები უჯრედებსა და  ორგანოებზე მოქმედებს. 

ჰორმონები ბავშვობის ასაკიდანვე ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას - სიმაღლეში ზრდა, ინტელექტუალური ფუნქციების განვითარება და ა.შ. გარდა ამისა, ენდოკრინული სისტემა ორგანიზმში ნივთიერებების ცვლის პროცესებს არეგულირებს.

რეპროდუქცია მთლიანად შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებისა და კომპეტენციის სფეროა. ასევე ჰომეოსტაზი, ანუ წესრიგის შენარჩუნება ორგანიზმში. 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლებითაც ორგანიზმი ადაპტირდება მუდმივად ცვალებად გარემოსთან.

 

ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებები

 

ენდოკრინულ დაავადებებს შორის შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ძალიან გავრცელებულია. ბოლო პერიოდში, მათი სიხშირე სულ უფრო მატულობს.



შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის გამზომი აპარატი

არსებობს შაქრიანი დიაბეტი შემდეგი ძირითადი ტიპები:

  • ტიპი 1
  •  ტიპი 2
  • გესტაციური დიაბეტი (ორსულობისას შეძენელი)

გარდა შაქრიანისა, არსებობს უშაქრო დიაბეტი, რომელიც შაქრის ცვლის მოშლასთან კავშირში არ არის, საბედნიეროდ ძალიან იშვიათია და მის შესახებ დეტალურ მიმოხილვას შეგიძლიათ გაეცნოთ კლინიკა ჰელსიკორის ბლოგში შაქრიან დიაბეტის შესახებ.

 

ეს დაავადება, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ არის სისხლში შაქრის დონის ქრონიკული მატება ანუ ქრონიკული ჰიპერგლიკემია.

ჰიპერგლიკემია სისხლში შაქრის მაღალი დონის აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ის დიაბეტით დაავადებული ადამიანების ხშირი პრობლემაა. 


 

რას ნიშნავს ჰიპერგლიკემია და როგორ ვითარდება ის?

როგორც აღვნიშნეთ, ჰიპერგლიკემია არის სისხლში შაქრის მაღალი დონე. ჰიპერ არის “მეტი”, გლიკემია, ანუ გლიკ ნიშნავს გლუკოზას იგივე შაქარს, ხოლო ემია არის “სისხლში”. შესაბამისად, ჰიპერგლიკემია არის სისხლში მაღალი შაქარი.

ეს არის შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება.  როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 ვლინდება სისხლში შაქრის დონის ქრონიკული მატებით. 

ზოგადად გლუკოზა, ანუ შაქარი წარმოადგენს ორგანიზმისთვის საწვავს. როგორც ავტომობილისთვისაა ბენზინი, ასეთივე საწვავია გლუკოზა ჩვენი ორგანიზმისთვის. ის უნივერსალური საწვავია, რაც ნიშნავს, რომ მისი მოხმარება შეუძლია ყველა ორგანოსა და უჯრედს. განსაკუთრებით აუცილებელი კი გლუკოზა არის თავის ტვინისთვის.  

 

ორგანიზმი მისგან იღებს ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას. გლუკოზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სისხლში. მაგრამ, როგორც კი მისი დონე დასაშვებ ნორმას ასცდება, ამ დროს უკვე იწყება პრობლემა.

დიაბეტის დროს სწორედ ეს ხდება - სისხლში შაქრის დონე ვერ რეგულირდება, შესაბამისად შაქარი სცდება ნორმის ზედა ზღვარს.

ძალიან ბევრი სამეცნიერო თეორია არსებობს, მაგრამ ჩვენთვის დღემდე ბოლომდე უცნობი მექანიზმებით, მაღალი შაქარი იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას. რასაც საბოლოოდ მივყავართ სისხლძარღვოვან გართულებებამდე.

შაქრიანი დიაბეტი არის ისეთი დაავადება, რომელიც რეალურად სისხლძარღვების დაავადებაა. ადამიანები რეალურად ამ დაავადებით კი არ კვდებიან, არამედ მის შედეგად სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული გართულებებით.

ჰიპერგლიკემია ორგანიზმისთვის ტოქსიკურ მდგომარეობას წარმოადგენს. სისხლში მაღალი შაქარი, ანუ ბევრი, ზედმეტი საწვავი, სერიოზული პრობლემაა სისხლძარღვებისთვისა და  სხვადასხვა ორგანოებისთვის. ამის გამო, ვითარდება დიაბეტით გამოწვეული სისხლძარღვოვანი გართულებები. 

სისხლში მაღალი შაქარი აზიანებს როგორც მცირე კალიბრის, ისე დიდი ზომის სისხძარღვებს, შესაბამისად ვითარდება დიაბეტის მცირე კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული ანუ მიკროვასკულარული და დიდი კალიბრის სისხძარღვების დაზიანებით გამოწვეული ანუ მაკროვასკულარული გართულებები.

 

როგორც აღვნიშნეთ, ის აზიანებს ყველა სისხლძარღვს, მაგრამ არის გარკვეული ორგანოები, რომლებსაც წვრილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანების შედეგად კიდევ უფრო მეტი პრობლემები ექმნებათ. 

ერთ-ერთი არის თვალი. ასეთ შემთხვევაში ვითარდება დიაბეტური რეტინოპათია

მაღალი შაქარი ძალიან ხშირად უარყოფითად მოქმედებს თირკმელზე, შედეგად კი იწვევს დიაბეტურ ნეფროპათიას

ჰიპერგლიკემია ასევე აზიანებს გრძელ ნერვებსაც. მისი სამიზნეა ხელებისა და უფრო ხშირად ფეხების მაინერვებელი გრძელი ნერვული დაბოლოებები, რომლის დაზიანების შედეგად ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია.

ეს არის მიკროსისხლძაღღვოვანი გართულების ყველაზე ხშირი გამოვლინება, რომელიც დიაბეტს ახასიათებს.

მაკროსისხლძარღვოვან გართულებებს რაც შეეხება, ძირითადად ეს არის გულის მკვებავი სისხლძარღვების - კორონარების დაზიანება, რომლის შედეგადაც ვითარდება გულის იშემიური დაავადება და შეიძლება, სწორედ მისი გამოვლინება იყოს ინფარქტი, ან მწვავე კორონარული (გულის) შეტევა.

რა თქმა უნდა, ჰიპეგლიკემია უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის მკვებავ დიდ სისხლძარღვებზე და ვითარდება ცერებროვასკულარული, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანება. მას შეიძლება მოჰყვეს ინსულტი - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. 

სისხლში შაქრის მაღალი დონე პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. პერიფერიულში ვგულისხმობთ მოიცავს ხელისა და ფეხის მკვებავ სისხლძარღვებს. მისი ყველაზე მწვავე გამოვლინება შეიძლება იყოს კიდურის განგრენა.


 

ჩიყვი 

ჩიყვი არის ერთ-ერთი გავრცელებული ენდოკრინული პრობლემა. მისი გამოვლინებაა ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატება.

 

რატომაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ჩიყვი ასეთი გავრცელებული?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს და საჭიროა კვლევები. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩერნობილის აფეთქება და მისი შემდგომი რადიაციის ტალღა. მეორე ვარიანტია იოდის დეფიციტი. საქართველო არის იოდის დეფიციტის ენდემური კერა, რადგან ჩვენთან არის იოდით ღარიბი ნიადაგი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

თუმცა, ძალიან კარგად მუშაობს იოდის ფორთიფიკაციის პროგრამა, იგივე იოდიზირებული მარილის პროგრამა. ნებისმიერი მარილი, რომელიც ჩვენთან იყიდება არის იოდით გამდიდრებული და ასე ვებრძვით იოდის დეფიციტს.

ძალიან ხშირია კვანძოვანი ჩიყვი და  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები. რაზეც მომავალ ბლოგში ვისაუბრებთ.

ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე გვეუბნება, რომ სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში ზემოთ ხსენებული პათოლოგიები ემორჩილება ეფექტურ მკურნალობას.

 

სიმპტომები, რომელთა გამოვლენისას ენდოკრინოლოგი გვირჩევს დროულ კონსულტაციასა და ექიმის რეკომენდაციით გამოკვლევების ჩატარება:

  • წონაში უეცარი მატება ან კლება;
  • წყურვილის გაზრდილი მოთხოვნილება, პირის სიმშრალე, გახშირებული  შარდვა;
  • ყელის არეში სპაზმის, ზეწოლისა და მოჭერის შეგრძნება, ხმის ჩახლეჩა;
  • გულისცემის აჩქარება ან რითმის დარღვევა 
  • ემოციური გაღიზიანებადობა, ნევროტულობა;
  • ოფლიანობა, ხელების კანკალი
  • მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმიანობა და აკნე
  • თავის ტკივილი და მხედველობის გაუარესება
  • კანზე მოწითალო იისფერი სტრიების არსებობა
  • ხელისა და ფეხის ზომის, ნიკაპის, ცხვირის ან სხვა წარზიდული ნაწილების ზრდა ზრდასრულ ასაკში
  • კიდურების დაბუჟება, კუნთების მტკივნეული და ხშირი გაკვანძვები
  • მაღალი არტერიული წნევა ახალგაზრდა ასაკში

თუ ზემოთ ხესენებული სიმპტომები აღგენიშნებათ, კლინიკა ჰელსიკორში შეგიძლიათ მაღალი ხარისხის ენდოკრინოლოგიური მომსახურება მიიღოთ.

როგორც უკვე განვიხილეთ, ზემოთ ხსენებული დაავადებები უყურადღებობისა და დაგვიანებული მიმართვის გამო შეიძლება მძიმე ფორმით განვითარდეს. ამიტომ, აუცილებელია პერიოდულად რუტინული სკრინინგული პროფილაქტიკური კვლევა და ექიმთან კონსულტაცია. სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი.