2022-06-17
ყველა სეზონს ახასიათებს სეზონური ვირუსები, ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა სხვადასხვა ვირუსულმა ინფექციებმა და კლინიკებში მიმართვიანობაც არ წყდება. ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის შინაგანი სნეულებათა მედიცინის განყოფილება სრული, 24 საათის განმავლობაში ემსახურება პაციენტებს.
რომელი ვირუსები და ინფექციებია ამჟამას აქტუალური, რა ჩივილებით მიმართავენ ექიმს პაციენტები და რომელი დაავადებების გააქტიურებას უნდა ველოდოთ ზაფხულის მანძილზე, კლინიკა ჰელსიკორის შინაგან სნეულებათა მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი - ხათუნა შველიძე გვესაუბრება.
ყველა სეზონს ახასიათებს სხვადასხვა ვირუსული დაავადებები, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად ხშირია ინტოქსიკაციები, ენტერო ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ვირუსები. არის თუ არა ისეთი ვირუსები, რომლებიც უშუალოდ ზაფხულში აქტიურდება და მას სხვა სეზონზე არ შევხვდებით?
ასევე, თუ შეიძლება უფრო დეტალურად აღგვიწეროთ რას უნდა ველოდოთ ზაფხულისა და ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად და როგორ უნდა დავიცვათ თავი?
მოგეხენებათ, სხვადასხვა ტიპის ვირუსების გავრცელება აღინიშნება წლის ნებისმიერ დროს. “გაცივების სიმპტომები“ შეიძლება გამოიწვიოს 200 - მა სახის ვირუსმა. თითოეული მათგანი შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცემინება, ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები: გამონადენი ცხვირიდან, ხველა, სხეულის ტემპერატურის მატება. სამწუხაროდ ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება ვირუსებისა და სხვადასხვა ინფექციების განვითარების რისკი. განსაკუთრებით პრევალენტობს ენტეროვირუსები, ექოვირუსები, ადენოვირუსები. ხოლო ისეთი ვირუსები, როგორიცაა - რინოვირუსი, უფრო ხშირად გვხვდება ზამთრის პერიოდში.
სიმპტომატიკა ენტეროვირუსებისა და ექოვირუსების შემთხვევაში შესაძლოა მერყეობდეს საშუალოდან მძიმე გამოვლინებამდე. ეს შესაძლებელია იყოს ჰექტიური ცხელება, ყელის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მენინგიტი, მიოკარდიტი.
ადენოვირუსის შემთხვევაში სიმპტომებიდან წარმოდგენილია მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, კონიუნქტივიტი, ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები. საზოგადოდ ყელის ტკივილი შესაძლოა ასევე განპირობებებული იყოს სტრეპტოკოკული ინფექციით. ამიტომ საჭიროა დიფერენციალური დიაგნოზის გატარება, რათა მოხდეს სათანადო მკურნალობა.
საკმაოდ ხშირია ზაფხულის მანძილზე ინტოქსიკაციები, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავსი შემთხვევისგან ავირიდოთ თავი?
ზაფხულის პერიოდში არსებობს დიდი ალბათობა საკვებისმიერი ინტოქსიკაციების, რაც აიხსნება გარემოს მაღალი ტემპერატურის ფონზე მალფუჭებადი პროდუქტების გამოყენებით. სიმპტომურად შეიძლება ძალიან გავდეს ვირუსებით ან ბაქტერიებით( E.Coli, Salmonella, Shigella) გამოწვეულ ინტოქსიკაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად ვიზიტი, რათა დროულად მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება, რათა ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულებები.
რა არის ის რეკომენდაციები, რომელებიც ადამიანმა მთელი ზაფხულის მანძილზე უნდა გაითვალისწინოს, რათა თავიდან აიცილოს ვირუსული ინფექციები?
ვირუსული ინფექციის გადაცემის ძირითადი გზაა პერორალური და ჰაერწვეთოვანი გზა. განვითარების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ტრანსმისიის ჯაჭვის ბლოკირება. შესაბამისად ვირუსების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, კონტაქტის შემცირება სიმპტომების მქონე პირებთან. სასაგნე ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. დახურული სივრცის ხშირი განიავება, სუფთა ჰაერი.