2021-10-28
ტერფის ანატომიური სტრუქტურებიდან, ყველაზე ხშირი პათოლოგია - ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციაა (Hallux valgus), რომელის საზოგადოებაში “პოდაგრა“- ს სახელით არის გავრცელებული (პოდაგრა განსხვავებული სისიტემური დაავადებაა, რომელსაც პირველი თითის ვალგუსურ დეფორმაციასთან აერთიანებს მხოლოდ ტკივილის სინდრომი ტერფის პირველ თითში).
რესპოდენტი ჰელსიკორის ექიმი ტრავმატოლოგი გიორგი გოგოლაძე.
რა არის ვალგუსური დეფორმაცია, როგორია მისი გამოვლინება და რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?
ტერმინი - hallux valgus, ასახავს კომპლექსური პათოლოგიის მხოლოდ ერთ მხარეს, რომელიც შეიცავს ზოგადად წინა ტერფის და ტერფის პირველი თითის შემადგენელი ძვლების სხვადასხვა ხარისხის დეფორმაციებს, დანარჩენი ფალანგების ჩაქუჩისებრ დეფორმაციებს, ტერფის თაღის განივ ბრტყელტერფიანობას, ჭარბი ძვლოვანი წარმონაქმნების ჩამოყალიბებას პირველი თითის შიდა ზედაპირზე და სხვა.
Hallux - ლათინურად ტერფის ცერა თითის, ხოლო Valgus - ანომალურ გადახრას ნიშნავს. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. აღნიშნული დეფორმაციები უმეტესად მდედობრით სქესს ახასიათებს და ქალების 96 % - ში ვლინდება. უმეტეს შემთხვევაში პათოლოგია თანდაყოლილია და განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ქალების შემთხვევაში მაპროვოცირებელ როლს ხშირად ასრულებს მაღალქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმლი, თუმცა დაავადების წინაპირობა შესაძლებელია ასევე იყოს - ბრტყელტერფიანობა, ჭარბი წონა, გადაჭარბებული დატვირთვა ტერფზე და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
რაც შეეხება სიმპტომებს, შესაძლოა პაციენტს გამოუვლინდეს ამობურცული წანაზარდები, სიწითლე კანის ზედაპიტზე, ცერა თითი გადაიხრება მომდევნო თითებისკენ, ტკივილს - რომელიც შესაძლებელია მოძრაობისას უფრო გამოხატული იყოს.
როგორ უნდა მოხდეს პათოლოგიის შეფასება, რა განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდებს და მოცულობას?
ტერფი წარმოადგენს მოძრავ ელასტიურ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს სრულ ადაპტირებას სიარულის სხვადასხვა რეჟიმების შეცვლის დროს (დგომა, სიარული, სირბილი). არსებობს მექანიკური ბალანსი ტერფის ძვლოვან სტრუქტურებს და კუნთოვან-მყესოვან აპარატებს შორის. ნებისმიერ რგოლში პათოლოგიის წარმოქმნა აღნიშნულ სისტემაში იწვევს მთელი სისტემის თანმიმდევრულ მოშლას. მხოლოდ პათოლოგიის კომპლექსური შეფასება იძლევა საშუალებას ზუსტად განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი და მოცულობა.
ცნობილია, რომ არსებობს ჰალუქსური დეფორმაციის 3 ხარისხი
დიახ, გამოყოფილია აღნიშნული პათოლოგიის 3 ხარისხი. ხარისხის კრიტერიუმების განმსაზღვრელად განიხილება წინატერფის შემადგენელი ძვლების და მათ სასახსრე ზედაპირების ზრდადი დეფორმაციის ხარისხი.
დეფორმაციის პირველი ხარისხის დროს მისაღებია მკურნალობის სხვადასხვა კონსერვატული მეთოდები: სუპინატორების და თითებსშორის მაკორეგირებელი სილიკონის ორთეზის ტარება, მოხერხებული ფეხსაცმელი და სხვა. მეორე და მესამე ხარისხის შემთხვევაში შედეგიანია მხოლოდ ოპერაციული ჩარევა.
როგორია ოპერაციული ჩარევის ტექნიკა?
აღნიშნული კომპლექსური პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბოლო 100 წლის განმავლობაში შემუშავებულია 400-ზე მეტი ოპერაციული ჩარევის ტექნიკა და მათი მოდიფიკაციები, რაც მიუთითებს ოპერაციული მკურნალობის უნივერსალური მეთოდის არ არსებობას. ბოლო ათწლედში ჩამოყალიბებული თანამედროვე ოპერაციული მეთოდიკა შეიცავს ძვლების დეფორმაციების კორექციასთან ერთად ჩარევებს როგორც რბილ ქსოვილებზე, აგრეთვე კუნთოვან-მყესოვან აპარატზე.
ტერფის პათოლოგიის მხოლოდ სრული კომპლექსური შეფასება, ადეკვატური ოპერაციული მეთოდის შერჩევა და ტექნიკური შესრულება განაპირობებს მკურნალობის წარმატებულ შედეგს.
თანამედროვე მეთოდოლოგიასთან ერთად განვითარდა ოპერაციების ტექნოლოგიური მხარე - თანამედროვე ინსტრუმენტები, ფიქსატორები, მინიმალური ოპერაციული ტრავმა, შემცირებული სარეაბილიოტაციო პერიოდი - თაბაშირის ტარების გარეშე და ასევე ორთოპედიული ფეხსაცმლის დახმარებით, ნაკლები დატვირთვა.