2022-03-26
ლაპაროსკოპიის პირველი დანიშნულება დიაგნოსტიკა იყო, ის გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი დამხმარე, დიაგნოსტიკური საშუალება და კამერით ხდებოდა მუცლის ღრუს დათვალიერება, დროთა განმავლობაში დაიხვეწა მიდგომები და შესაძლებელი გახდა ლაპაროსკოპიულად ოპერაციების ჩატარება. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მცირეინვაზიურმა ჩარევებმა თითქმის ჩაანაცვლა ღია ოპერაციები.
რა არის ლაპაროსკოპიული ქირურგიის უპირატესობები და რას ნიშნავს ზოგადად მცირეინვაზიური ქირურგია, ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა „ჰელსიკორი“-ს სამედიცინო დირექტორი, ზოგადი ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ლოლაძე ისაუბრებს.
ბატონო დავით, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რას გულისხმობს ლაპაროსკოპიული ქირურგია და რით განსხვავდება ის სხვა ქირურგიული ჩარევებისგან?
ლაპაროსკოპია ქირურგიული ჩარევის სახეობაა. ამ დროს არ ხდება მუცლის ღრუს გახსნა და ოპერაცია პატარა განაკვეთებიდან ტარდება, განაკვეთის რაოდენობა დამოკიდებულია ოპერაციის მასშტაბზე, ძირითადად ტარდება 3-4 განაკვეთი რომელთა მაქსიმალური ზომა 1 სმ-მდეა. ლაპაროსკოპია დამზოგველი მეთოდია, რომელსაც ღია მიდგომასთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვს.
რა არის ლაპარასკოპიული ქირურგიის უპირატესობები და პაციენტის რეაბილიტაციაზე ახდენს თუ არა გავლენას?
ლაპაროსკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ჩარევა ნაკლებტრავმულია, ამის გამო რეაბილიტაცია სწრაფად და ადვილად ხდება, ოპერაციის შემდგომი პერიოდი ხანმოკლე და მსუბუქია. პაციენტი ოპერაციის დღესვე აქტიურდება და დგება ფეხზე, მეორე-მესამე დღეს კი სახლში ეწერება.
მნიშვნელოვანი შეზღუდვები, წოლითი რეჟიმი ან ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის. რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. თითქმის არ ხდება პოსტოპერაციული თიაქრის განვითარება. ასეპტიკის თვალსაზრისითაც, ლაპაროსკოპიული ოპერაცია უფრო სუფთაა – მუცლის ღრუ დახურული რჩება, მუცლის ღრუს ორგანოებს არ ეხება ქირურგის ხელი, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციების ალბათობა მინიმალურია და შეხორცებითი დაავადების განვითარების რისკი დაბალი. ოპერაციის შემდგომი თიაქარი, რომელიც ძალზე ხშირია ღია წესით ოპერაციის შემდეგ, ლაპაროსკოპიულ ქირურგიას პრაქტიკულად არ ახასიათებს. ლაპაროტომიის (ღია მუცელკვეთის) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და არასასურველი გართულების, შეხორცებითი დაავადების, ალბათობა საკმაოდ დაბალია. ოპერაცია ტექნიკურად ბევრად მარტივი შესასრულებელია ვიდრე ღია წესით.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად ლაპაროსკოპიის დანიშნულება იყო დიაგნოსტიკა, ახლა თუ გამოიყენება ამ თვასაზრისით?
დიახ, ლაპაროსკოპიული მეთოდი ასევე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, როდესაც კლინიკური და ინტრუმენტული კვლევით ვერ ხდება დიაგნოზის ვერიფიცირება, ასეთ დროს მივმართავთ დიაგნოსტიკურ ლაპაროსკოპიას. მაგ. ლაპაროსკოპიული ბიოფსია.
რა ოპერაციები ტარდება კლინიკა ჰელსიკორსი ლაპაროსკოპიულად?
ჰელსიკორში, საკმაოდ ხშირად ტარდება ლაპაროსკოპიული ოპერაციები - მუცლის ღრუს ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში. ყველა ხშირად კი ნაღვლკენჭოვანი დაავადებისას ოპერირება ხდება ლაპაროსკოპილი მეთოდით.
მინდა აღვნიშნო, რომ ის ინსტრუმენტები, რომელთაც ვიყენებთ ლაპაროსკოპიული ჩარევებისას, გამოირჩევა სინატიფით და ამ ინსტრუმენტებით ტრავმატიზაციის ხარისხი არის ბევრად ნაკლები, ამიტომ მინდა ვურჩიო პაციენტებს, ვისაც აქვს ჩვენება და ესაჭიროვება ქირურგიული ჩარევა, აირჩიონ მცირეინვაზიური მეთოდი.