2021-08-20
ინსულტი მსოფლიოში გავრცელებულ პათოლოგიათა შორის წამყვანია და სამწუხაროდ, ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი ცხოვრების ხარისხზე მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ქვეყნებში, სადაც მედიცინა კარგად არის განვითარებული, იშემიურ ინსულტის შედეგად ინვალიდიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა როგორც კლინიკა „ჰელსიკორის“ ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი, ნევროლოგი ზურაბ ახალაია განმარტავს, საქართველო ამ მხრივ ისევ გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ინსულტიანი პაციენტების ნაწილს ისევ არ აქვს წვდომა მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე, რის გამოც მნიშვნელოვნად ზარალდებიან.
ზურაბ ახალაია და მისი გუნდი იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს იყენებს, რომელთა მეშვეობით პაციენტებში ინვალიდობის მაჩვენებელი მცირდება ან რიგ შემთხვევებში საერთოდ ქრება.
კონკრეტულად, რას გულისხმობს აღნიშნული მეთოდები და ზოგადად, როგორ იმართება ინსულტი, დეტალებზე ნევროლოგი გვესაუბრა.
რა იწვევს ინსულტს და რა რამდენად მაღალი ლეტალობით ხასიათდება ის?
ინსულტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, მსოფლიო სტატისტიკით, ყოველ 4 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 4 წუთში აღნიშნული დიაგნოზის გამო ერთი ადამიანი კვდება. სხვადასხვა ქვეყანაში ინსულტი სიკვდილიანობის მიხედვით მე-2-დან მე-4 ადგილამდე მერყეობს, სამწუხაროდ, ინსულტი პირველ ადგილზეა დღემდე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სტაციონარში გატარებული საწოლდღეების მიზეზის გამო და უნარშეზღუდულობის ანუ ინვალიდიზაციის მაჩვენებლით.
ასაკის მატებასთან ერთად, ინსულტის რისკი იზრდება, მაგრამ იშვიათად გვხვდება ახალგაზრდებშიც.
არსებობს ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი. უფრო ხშირი არის იშემიური და დაახლოებით 87%-ში სწორედ ეს ფორმა გვხვდება. ჰემორაგიული ინსულტის დროს სკდება სისხლძარღვი და სისხლი თავის ტვინში ჩაიღვრება, ხოლო იშემიურის შემთხვევაში თრომბი იჭედება სისხლძარღვში და სისხლი აღარ მიდის თავის ტვინში.
რა არის ინსულტის რისკ-ფაქტორები?
ინსულტის რისკ-ფაქტორები არის მოდიფიცრებადი და არამოდიფიცირებადი. არამოდიფიცირებადი არის, რომელსაც ვერ შევცვლით: სქესი, ასაკი, რასობრივი კუთვნილება და გენეტიკური წინასწარგანწყობა. მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების შეცვლით კი შეგვიძლია, შევამციროთ ინსულტის განვითარების რისკი. ეს არის არტერიული ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომლის მართვა შესაძლებელია და ამისთვის დროულად არის კარდიოლოგთან ვიზიტი და მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო, ასევე, აუცილებელია წნევის ყოველდღე კონტროლი. ამასთან, მოციმციმე არითმიის დროსაც ასევე სასურველია დროული ვიზიტი პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რათა დროულად დაინიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა. მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც აუცილებელია ენდოკრინოლოგის ამბულატორული მეთვალყურეობა, დიეტის დაცვა და მკურნალობა, რომ სისხლში შაქრის დონე მუდმივად ნორმაში გვქონდეს.
ასევე, დისლიპიდემია ანუ ქოლესტერინის ცვლის დარღვევაც ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, რადგან იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. მისი პრევენციაც შესაძლებელია სწორი კვებითა და შესაბამისი მკურნალობით.
რა არის ინსულტის საწყისი ნიშნები?
ზოგადად, ინსულტი იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება, სხვადასხვა სიმპტომატიკას იწვევს, თუმცა არსებობს სამი მარტივი მახასიათებელი, რომელიც არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ამოიცნონ: მეტყველების დარღვევა, სისუსტე ხელში ან ფეხში რომელიმე მხარეს და სახის ასიმეტრია. ამ სამი ნიშნიდან ერთ-ერთს ან შეიძლება სამივეს ერთად თუ შენიშნავთ, რომელიც მწვავედ, უეცრად ვითარდება, სასწრაფოდ დარეკეთ 112-ში.
რამდენად შესაძლებელია, რომ ინსულტის განვითარების შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდეს და სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება?
როგორც აღვნიშნეთ, ინსულტი პირველ ადგილზეა ინვალიდიზაციის მაჩვენებლით, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იკლებს, რაც პირდაპირ კავშირშია დაავადების თანამედროვე მართვასთან. როგორც ნებისმიერი დაავადების, ისე ინსულტის მართვა უნდა მოხდეს თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებით. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული პრინციპები ბოლო წლებია ნელ-ნელა რაც ინერგება, თუმცა სამწუხაროდ, მათი ბევრ კლინიკაში შეტანა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. 2018 წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა ინსულტის მართვის გაიდლაინი, რომლის აღსრულებაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. რეალურად, რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული გაიდლაინის შესრულება, მით უფრო დაიკლებს როგორც სიკვდილობის, ისე ინვალიდიზაციის მაჩვენებელი.
რას გულისხმობს აღნიშნული გაიდლაინი, რომელიც სახელმწიფომ ინსულტის მართვისთვის დაამტკიცა?
ინსულტის მართვის გაიდლაინში ჩაიდო მკურნალობის ის მეთოდები, რაც თანამედროვე მედიცინას აქვს: თრომბოლიზისი და თრომბექტომია. გაიდლაინში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, იშემიურ ინსულტს ვუმკურნალოთ აღნიშნული მეთოდებით, სათანადო ჩვენების შემთხვევაში.
გაიდლაინში არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი როცა შენიშნავს, რომ პაციენტს სავარაუდოდ აქვს ინსულტის ნიშნები, ის ვალდებულია, პაციენტი წაიყვანოს ან გადაამისამართოს კლინიკაში, რომელსაც აქვს სპეციალიზებული განყოფილება, ე.წ ინსულტის ცენტრი და პათოლოგიის მართვა აღნიშნული მეთოდებით შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონიც არეგულირებს და მაგალითად, თბილისის რამდენიმე კლინიკაში არის საშუალება, რომ ინსულტი თრომბოლიზისით და თრომბექტომიით იმართოს, პაციენტების ნაწილი მაინც გადაჰყავთ იმ კლინიკებში, სადაც მკურნალობენ ისე, როგორც 20-30 წლის წინ. რა დააშავა პაციენტმა, რომელსაც შეგვიძლია, დახმარება დროულად აღმოვუჩინოთ, შევამციროთ ინვალიდიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებელიც და ამ დროს ხვდება ისეთ კლინიკაში, სადაც სათანადოდ ვერ მკურნალობენ. იქნებ როგორმე მივიტანოთ ინფორმაცია საზოგადოებამდე, რომ თავად ან ოჯახის წევრებმა მოსთხოვონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ისეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ინსულტის ცენტრი არსებობს და ამ მეთოდებით მკურნალობენ.
რას გულისხმობს თრომბოლიზისი და თრომბექტომია და როგორ ტარდება ეს პროცედურები?
სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თრომბექტომია იშემიური ინსულტის მართვის თანამედროვე მეთოდებია, რაც ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 4-5 წელია რაც ეტაპობრივად დაინერგა.
სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი არის პროცედურა, როდესაც ჩვეულებრივ, გადასხმის სახით ინტრავენურად სათანადო ჩვენებით შეგვყავს პრეპარატი - ქსოვილოვანი პლაზმენოგენის აქტივატორი, რომელსაც ტვინის რომელიმე სისხლძარღვში არსებული თრომბის დაშლის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, დროში ვართ შეზღუდულები და პროცედურა ეფექტური თრომბის გაჩენიდან ოთხსაათნახევარშია, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის პირდაპირ ინსულტის ცენტრში გადმოყვანას. პრეპარატი თრომბს რომ დაშლის, სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში აღდგება და ხშირ შემთხვევაში პაციენტი ცხოვრების ჯანმრთელ რიტმს დაუბრუნდება ყოველგვარი ინვალიდიზაციის გარეშე.
სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის ზოგჯერ მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება - ენდოვასკულური თრომბექტომია, ეს მცირე ინვაზიური ჩარევაა, ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება.
არის თუ არა შესაძლებელი ინსულტის პრევენცია გარკვეული პროცენტით მაინც?
გარდა იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვარჯიში მნიშვნელოვანია, არსებობის შემთხვევაში, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი. ამ პრობლემებს რაც უფრო დროულად ვუმკურნალებთ, უფრო მეტად ავირიდებთ თავიდან ინსულტის განვითარების რისკს.