2022-09-04
შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი დაავადებაა. მის ძირითად ტიპებზე, სიმპტომებსა და სპეციფიკაზე დეტალურად გვესაუბრა ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე. ის კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
ასევე, ასოციაციის ფარგლებში აწყობს საერთაშორისო კონფერენციებს და სწორედ, მისი ხელმძღვანელობითა ქართულ ენაზე უამრავი სამედიცინო სახელმძღვანელო.
სარჩევი
არსებობს შაქრიანი დიაბეტის 3 ძირითადი ტიპი:
ტიპი 1
ტიპი 2
გესტაციური დიაბეტი (ორსულობისას შეძენილი)
მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ყველაზე ხშირია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და პირველ რიგში მისი მიმოხილვით დავიწყებთ.
შაქრიანი დიაბეტი ძალიან გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ ამ კუთხით.
რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მის მოსახლეობაში უფრო ხშირად ფიქსირდება ეს დაავადება. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია, ტიპი 2 პირდაპირ კავშირშია ჭარბ წონასთან.
ტექნოლოგიებისა და სხვა სიკეთეების განვითარებამ ადამიანების ფიზიკური აქტივობა ძალიან შეამცირა და საფუძველი დაუდო ე.წ. საოფისე ცხოვრებას. გარდა ამისა, ბოლო 50 წლის მანძილზე, შეიცვალა რაციონი, უფრო მეტად გადავედით სწრაფი კვების ობიექტებზე, მზა ნახევარფაბრიკატებსა და ულტრა გადამუშავებულ საკვებზე. ეს ყველაფერი ძალიან არაჯანსაღი და არაბუნებრივია ორგანიზმისთვის და საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სიმსუქნეს.
განსაკუთრებით მუცლის ტიპის სიმსუქნე, რომელსაც სამედიცინო ენაზე აბდომინური სიმსუქნე ჰქვია, არის სწორედ მეტაბოლური დარღვევებისა და მათ შორის ტიპი 2-ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ჭარბი წონა ერთადერთი წინაპირობა არაა. ყველა მსუქან ადამიანს არ აქვს ტიპი 2 დიაბეტი. თუმცა, ის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა. გარდა ჭარბი წონისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკა. წინა თაობიდან გადმოყოლილი ისეთი გენები, რომლებიც დიაბეტისკენ განგვაწყობენ. პლუს ამას ცხოვრების რეჟიმი - არაჯანსაღი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ჰიპოდინამია. დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, ეს ყველაფერი ზრდის დაავადების განვითარების რისკებს.
ტიპი 1-სგან განსხვავებით, ტიპი 2-ის დროს ჩვენი ორგანიზმი აწარმოებს ინსულინს. მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ საკმარისზე მეტი რაოდენობით გამოყოფს მას.
ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია შაქარი, ანუ გლუკოზა, რომელიც ენერგიის მთავარი წყაროა. ინსულინი გვეხმარება, რომ ამ შაქრის დონე ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყოს.
გლუკოზა შედის უჯრედებში, შემდეგ კი გადაიქცევა ენერგიად. გლუკოზამ რომ უჯრედებში შეაღწიოს, ამისთვის საჭიროა ინსულინის “ნებართვა”. ტიპი 2-ის შემთხვევაში ინსულინი გვაქვს, თუმცა მისი “ნებართვა” არ იკითხება უჯრედების მიერ. ამ ერთგვარ წამკითხველს ჰქვია რეცეპტორი, რომელმაც უნდა აღიქვას ჰორმონის მიერ მოტანილი ინფორმაცია.
როცა ადამიანს აქვს ჭარბი წონა, განსაკუთრებით მუცლის ტიპის სიმსუქნე, სადაც ყველაზე ცუდი ცხიმია, პლუს ამას აქვს გენეტიკური განწყობა, შესაბამისი ასაკი, არაჯანსაღი ჩვევები და ა.შ. ეს ყველაფერი რეცეპტორს ძალიან ურთულებს საქმეს.
რეცეპტორებს, რომლებმაც უნდა წაიკითხონ ჰორმონის მიერ მოტანილი ბრძანება, აღქის უნარი უქვეითდებათ. შედეგად კი ვითარდება მდგომარეობა, როცა ინსულინი მოვიდა და მოიტანა ინფორმაცია, მაგრამ ეს ინფორმაცია რეცეპტორმა ვერ წაიკითხა. ამიტომ, ორგანიზმი სხვანაირად ცდილობს გამოსავლის პოვნას.
ის იწყებს უფრო მეტი ინსულინის წარმოებას და აგზავნის მათ, რათა რეზისტენტულობა რაღაცნაირად გადაფაროს და სისხლში შაქრის დონე ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოს.
ნათია ვაშაყმაძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს და როგორც გვეუბნება, ხშირად აქვს მსგავსი პრაქტიკა. პაციენტი მოდის, უკეთდება ანალიზი, შაქარი ნორმაშია მაგრამ, ინსულინი მაღალია.
რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი ნებისმიერ ფასად ცდილობს შაქრის დონე ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოს,მათ შორის, უფრო მეტი ინსულინის წარმოებით.
ეს არის კომპენსატორული მექანიზმი.
ყველანაირ კომპენსატორულ მექანიზმს აქვს თავისი საზღვრები და ადაპტაციურ კომპენსატორული მექანიზმი გადადის იმ მდგომარეობაში, როცა გამომუშავდება ბევრი ინსულინი, მაგრამ უკვე ეგეც აღარაა საკმარისი. ან ვეღარ გამომუშავდება მეტი და ამ დროს იწყება სისხლის შაქრის დონის მატება.
პაციენტი ამ მდგომარეობას თუ არ მიაქცევს ყურადღებას, შაქრის დონე ბუნებრივია მოიმატებს და განვითრდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
მკურნალობა თავისთავად მოიცავს ცხოვრების წესის მოწესრიგებას, ფიზიკურ აქტივობასა და მედიკამენტებს. ამ დროს ირჩევა ისეთი წამლები, რომლებიც რეცეპტორს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას მატებს.
ამ დაავადების განვითარების რისკები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. მაგალითად რომ ავიღოთ ამერიკა, სიმსუქნეს ამ ქვეყნის მოსახლეობაში ძლიან გავრცელებულია.
37 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს დიაბეტი (დაახლოებით ათიდან ერთს), მათგან დაახლოებით 90-95%-ს კი აქვს ტიპი 2.
ამ სახის დაავადება ყველაზე ხშირად ვითარდება 45 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ ბავშვსა და მოზარდს უვითარდება.
პედიატრები გაოგნებულები არიან, რადგან ასეთი დაავადებით აქამდე არ ჰყოლიათ პაციენტები. ეს არის ახალი ფენომენი, რომელიც უკავშირდება ჩვენი საუკუნის ცხოვრების სტილს, კვებასა და რეჟიმს.
გამოვლინებებში რამე განსხვავება არ არის. როცა სისხლში შაქრის დონე იმატებს, ეს არის ორგანიზმისთვის ტოქსიკური. ის ამჩნევს ამ ცვლილებას. მას შემდეგ, რაც სისხლში შაქრის დონე სცდება 180 მილიგრამ დეცილიტრს, ორგანიზმი იწყებს მის მოცილებას შარდთან ერთად. ამის გამო, შარდშიც ჩნდება შაქარი.
შაქარი ისეთი ნივთიერებაა, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, მას თან მიჰყვება წყალი. შესაბამისად, შარდში ჭარბ შაქართან ერთად ბევრი წყალიც ხვდება. სწორედ, ესაა ხშირი შარდვის მიზეზი.
პაციენტს ღამეც ხშირად უწევს ადგომა. ორგანიზმიდან იკარგება სითხე და ამიტომ ჩნდება ამ დანაკარგის შევსების მოთხოვნილება. ადამიანს უვითარდება წყურვილის გრძნობა და ის ძალიან ხშირად სვამს წყალს.
ეს სიმპტომი ყველა ასაკის კატეგორიისთვის საერთოა, იქნება ეს ბავშვი, ახალგაზრდა, თუ ასაკოვანი.
ასაკში შესაძლებელია ცოტა დაჩლუნგდეს წყურვილის შეგრძნება, ე.ი დიდად არ იყოს გამოხატული წყურვილი, მაგრამ, საერთო ჯამში, სიმპტომები და გამოვლინებები ერთმანეთისგან არ განსხვავდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ში.
პრედიაბეტი არის დიაბეტის წინარე მდგომარეობა. ამ დროს ინსულინი ზედმეტი დოზით გამოიყოფა. ამგვარად ცდილობს ორგანიზმი შაქრის დონის მეტ-ნაკლებად დარეგულირებას.
შაქრის ნორმა უზმოზე არის 110-მდე, ჭამიდან 2 საათში 140-მდე. ეს არ ნიშნავს, რომ 111 უკვე დიაბეტია. აქაც არსებობს ცალკე ნორმები, რომლის მიხედვით განისაზღვრება ზუსტად როდის იწყება შაქრიანი დიაბეტი.
უზმოზე თუ სცდება 125-ს და ჭამიდან 2 საათში 200-ს, ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს შაქრიანი დიაბეტთან. ამ რიცხვებსა და შაქრის დონის ნორმას შორის არის პრედიაბეტი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ამ დაავადებისკენ. ის წარმოადგენს ერთგვარ მაცნეს, რომ საფრთხე მალე განვითარდება.
კარგი ამბავი ის არის, რომ პრედიაბეტი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც შექცევადია და შესაძლებელია შაქრის დარეგულირება.
შეიძლება ითქვას, პრედიაბეტი არის შესაძლებლობების ფანჯარა, როცა პაციენტს აქვს შანსი ყველაფერი გამოასწოროს და ნორმის ფარგლებში გადმოიყვანოს. როდესაც დაავადება ვითარდება უკვე ჩამოყალიბებული პრობლემაა, რომელიც არ ინკურნება.
ტიპი 1, როგორც წესი, ვლინდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ის დიდი ასაკის ადამიანსაც ემართება, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ დაბალია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 სიმსუქნესთან არაფერ კავშირში არ არის.
გამომწვევი მიზეზების კლასიფიცირებას შემდეგნაირად ახდენდნენ - თანდაყოლილი და შეძენილი. ახლა ასეთი მიდგომა აღარ არსებობს.
ამ სახის დაავადება გენეტიკურად დეტერმინირებულია, ამიტომ, თავის დროზე, როგორც თანდაყოლილ დაავადებას ისე მოიხსენიებდნენ.
მას რაღაც ფაქტორი რთავს - ერთგვარი გამშვები მექანიზმი სჭირდება, რომ გამოვლინდეს და განვითარდეს. ეს “ჩამრთველი” შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, მათ შორის კოვიდ 19 (პანდემია). ბოლო პერიოდში გაჩნდა კოვიდთან ასოცირებული დიაბეტი და ქვემოთ ამ თემაზე საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ.
გარდა კოვიდისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გრიპის ვირუსი. მაგალითად, მონონუკლეოზი ერთ-ერთი ასეთია ბევრ სხვა ვირუსებს შორის.
ხშირად სერიოზული ზემოქმედება აქვს ძლიერ ემოციურ სტრესს. ალბათ გაგვიგია ვინმეზე რომ უთქვამთ - “შიშზე დაემართა დიაბეტიო”. შიშზე კი არ დაემართა, შიშმა რაღაცა დაასტიმულირა, ჩართო ის მექანიზმი, რაც ყოველთვის იყო ადამიანში.
მექანიზმი, რის შემდეგაც ვითარდება ტიპი 1, ასეთია - ორგანიზმში არის უმნიშვნელოვანესი ჰორმონი - ინსულინი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასის ენდოკრინული ჯირკვლების მიერ. თავის მხრივ, ეს ეხმარება სისხლს შაქრის კონტროლში.
ენდოკრინულ ჯირკვლებში არის კონკრეტული ბეტა უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ინსულინს. სხვა უჯრედს არ აქვს ამის უნარი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჯერ არის აღმოჩენილი და დადასტურებული. შესაბამისად, პანკრეასის ბეტა უჯრედი არის ერთადერთი უჯრედი, რომელიც ინსულინს აწარმოებს.
აქ ხდება საინტერესო რამ. ვიცით, რომ იმუნური სისტემა გვიცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისა და ყველანაირი უცხო პათოგენისგან. მაგრამ ზოგჯერ, ის ვერ ცნობს ბეტა უჯრედს და უცხო ნივთიერებად აღიქვამს.
შესაბამისად, იწყება ავტო აგრესია - იმუნური სისტემა უტევს საკუთარ ორგანოს, ბეტა უჯრედს. როგორც აღვნიშნეთ, ის ინსულინის ერთადერთი წყაროა. ამ თავდასხმის შედეგად ის ზიანდება და ნადგურდება.
პროცესი მიმდინარეობს ნელ-ნელა. შეიძლება წლები ისე გავიდეს, პაციენტმა საერთოდ არ იცოდეს, რომ მის ორგანიზმში ასეთი რაღაც ხდება.
სიმპტომები ვლინდება, როდესაც ბეტა უჯრედების 80% განადგურებულია. მანამდე დარჩენილი რაოდენობა ცდილობს თავის თავზე აიღოს და დააკომპენსიროს დანაკარგი. ისინი მეტი ინსულინის გამოყოფით ცდილობენ შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას.
მაგრამ, როცა უკვე ძალიან ცოტა ბეტა უჯრედი რჩება, რომლებიც ძალიანაც ინდომებენ, მაგრამ ვერ აკომპენსირებენ ინსულინის დეფიციტს, ასეთ დროს სისხლში შაქრის დონე იმატებს და სიმპტომები ავლენენ თავს.
მოკლედ, რომ მიმოვიხილოთ - ტიპი 1 დიაბეტი არის გენეტიკურად დეტერმინირებული. მას, როგორც წესი, რაღაც მექანიზმი ჩართავს, შემდეგ კი ნელი ტემპით მიმდინარეობს ლატენტურად. არ აქვს გამოხატული სიმპტომები, სანამ ინსულინის ძალიან სერიოზული დეფიციტი არ დადგება. ამის შემდეგ უკვე ვითარდება კლინიკური სიმპტომები.
მისი მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა ინსულინის ინექციები. ეს პროცესი პაციენტისთვის საკმაოდ არაკომფორტულია. დღის განმავლობაში ბევრჯერ სჭირდებათ ინსულინის ინექცია და შაქრის კონტროლი.
საბოლოო ჯამში ვხედავთ, რამხელა საქმეს აკეთებს ბეტა უჯრედი.
შიდა სეკრეციის ორგანოების ფუნქციების (ასევე, დაავადებების) შემსწავლელი მეცნიერება - ენდოკრინოლოგია მდიდარია ამგვარი ფაქტებით. რატომღაც, იმუნური სისტემა ენდოკრინულ ჯირკვლებს ძალიან საეჭვო თვალით უყურებს. ამიტომ არც ისე იშვიათიად იწყებს მათ საწინააღმდეგოდ აუტოიმუნურ პროცესს.
ერთ-ერთი ასეთია ფარისებრი ჯირკვალი. არსებობს ძალიანი დიდი რისკია ის გახდეს აუტოიმუნური პროცესების სამიზნე.
ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, რომელიც ძალიან გავრცელებულია, ამ კატეგორიის ჯანმრთელობის პრობლემას განეკუთნვება. შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც გვხდება გრეივსის დაავადება.
ესენი ის დაავადებებია, რომლის დროსაც, უკვე ფარისებრ ჯირკვალს ვერ ცნობს იმუნური სისტემა და ავტოაგრესია ფარისებრისკენაა მიმართული.
მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს თავშიც. მაგალითად, თავის ტვინში გვაქვს ასეთი ორგანო - ჰიპოფიზი, რომელიც არის ე.წ. “master gland”. ხსენებული ორგანი მთელი ენდოკრინული სისტემის მთავარი დირიჟორია და განაგებს მის ფუნქციონირებას.
არც ჰიპოფიზია დაცული იმუნური სისტემის შეტევისგან და შესალებელიაა დაიწყოს აუტოიმუნური პროცესი.
ზოგჯერ თირკმელზედა ჯირკვალია შეტევის ობიექტი. რის გამოც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, აუტოიმუნური ადრენალიტი და ა.შ.
ასე რომ, ძალიან ხშირად, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლა, მათი ფუნქციის დაქვეითება და დისფუნქცია, პირდაპირ უკავშირდება აუტოიმუნურ აგრესიას, რადგან ის ვერ ცნობს რომელიმე ენდოკრინულ ჯირკვალს.
გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის პერიოდში. ეს ის შემთხვევაა, როცა ქალს ორსულობამდე არ ჰქონდა შაქრის ცვლის დარღვევა და ზუსტად ორსულობის დროს გაუჩნდა ხსენებული დაავადება.
მისი დიაგნოსტირება სტანდარტულად ხდება ორსულობის 24-ედან 28-ე კვირამდე. ტარდება ორალური გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი. ორსულებს აქვთ თავიანთი ნორმები. ეს ნორმები კი განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის ნორმებისგან.
უზმოზე ნორმა სხვა არის, ჭამიდან ერთ საათში და შემდეგ 2 საათში კი განსხვავებული.
თუ ერთი მაჩვენებელი მაინც არის ნორმაზე მაღალი, ეს უკვე მიგვანიშნებს დაავადებაზე.
შაქარი როცა არ არის ძალიან მაღალი, მკურნალობა დიეტასთან ერთად ყოველთვის იწყება ფიზიკური აქტივობითაც.
ორსულობის დროს პაციენტები ძალიან მონდომებულები არიან - დიეტას ზედმიწევნით იცავენ. უმეტეს შემთხვევაში, ამგვარი ყურადღებიანი დამოკიდებულება საკმარისია უფრო რთული პრობლემების პრევენციისთვის. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სამკურნალოდ გამოიყენება ყველაზე გამოცდილი ხერხი - ინსულინი.
მედიკამენტები იმდენად გამოკვლეული არაა, რომ ოფიციალურად რეკომენდებული იყოს.
თუმცა, არაოფიციალურად, რაღაც წამლები მაინც გამოიყენება, რომელზეც არის მონაცემები, რომ უსაფრთხოა.
სტანდარტულად მკურნალობის მთავარი საშუალება ინსულინია, მას შემდეგ რაც დიეტა და ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი.
როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ პაციენტებს აღარ აქვთ დიაბეტი. ორსულობის პერიოდშია ის მოკლე მონაკვეთი, როცა მათ სისხლში შაქრის დონე მაღალია და შემდეგ სტაბილურდება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არ მთავრდება ეს ისტორია. მომავალში, ასეთ ქალებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
ასე რომ, ორსულობის დროს სისხლში მაღალი შაქარი მომავალში დიაბეტისა და სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების განვითარების სერიოზული პრედიქტორია. მათ შორის შეიძლება იყოს ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, მაღალი წნევა და არაერთი გულსისხლძარღვთა პრობლემა.
ქალი, როცა კარგად უვლის გესტაციურ დიაბეტს, ეს ბავშვზე არ აისახება. საპირისპირო შემთხვევაში, მასზეც არის გავლენა და ვითარდება ნაყოფის მაკროსომია - ნაყოფი ზომაში იზრდება და დიდი წონისაა.
სოციალურ ქსელში ალბათ შეგხვედრიათ, როგორ აღნიშნავენ ახალდაბადებული ბავშვის დიდ ზომასა და წონას. რეალურად, ამაში არაფერია საამაყო. რადგან დიდი წონა ნიშნავს, რომ ბავშვს დაბადებიდანვე აქვს რისკი მომავალში განუვითარდეს სერიოზული გულსისხლძარღვთა პრობლემები - დიაბეტი და სიმსუქნე.
ამიტომ, ჭარბი წონის ნაყოფი დედისთვისაც და ბავშვისთვისაც მომავალში ბევრი დაავადების განვითარების რისკებს ზრდის.
მაკროსომიის გარდა, შეიძლება იყოს ნაყოფის პატარ-პატარა ანომალიები.
იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი ცდილობს შაქარი დააკომპენსიროს, ამის გამო კი დედის ინსულინის დონე ძალიან მაღალია, ბავშვს დაბადების შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ჰიპოგლიკემია - ანუ შაქრის ვარდნა.
დასკვნა ისაა, რომ დაბადებიდანვე უამრავ სერიოზულ რისკს ვაწყდებით, თუმცა, საბედნიეროდ ორსულები ძალიან გათვითცნობიერებული არიან და ექიმების რეკომენდაციებს მიჰყვებიან. მაქსიმალურად იცავენ დიეტას და ცდილობენ ფიზიკურად აქტიურები იყვნენ.
ჰელსიკორის ექიმი, ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე გვიზიარებს, რომ რთულ შემთხვევებთან არ ჰქონია შეხება, რადგან თავად ორსული პაციენტები ძალიან ყურადღებიანები არიან.
შესაბამისად, თუ პაციენტი მაქსიმალურად იქნება ჩართული - დიეტისა და ფიზიკური აქტივობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ინსულინ თერაპიის ფონზე, ეს დაავადება კონტროლირებადია და როგორც აღვნიშნეთ, მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი, გაივლის.
უკვე ვისაუბრეთ ინსულინის მნიშვნელობაზე. ახლა მოგახსენებთ როგორი საყურადღებოა სწორი დოზის განსაზღვრა და ასევე რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ინსულინს.
დოზა ცოტათი მეტი თუ მოგვივიდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია - სისხლში შაქრის დონის ვარდნა. ეს განსაკუთრებით ეხება ტიპი 1-ს.
განსხვავება შეიძლება იყოს 1 ერთეული. მაგალითად, ადამიანი სტანდარტულად იკეთებს 20 ერთეულს და შემთხვევით 21 მიიღო, ეს გართულების წინაპირობაა.
ტიპი 1-ის მქონე პაციენტს ასეთი მოცემულობა აქვს - თუ მეტი გაიკეთა, შაქრის დონე ვარდება, ხოლო, ნაკლები ერთეულის მიღების შემთხვევაში, პირიქით, შეიძლება სისხლში შაქრის დონე გაიზარდოს.
ტიპი 2-ის მქონე ადამიანს აქვს რეზისტენტობა. ცოტა მეტი და ცოტა ნაკლები ინსულინის დოზაზე ორგანიზმი არაა ისეთი მგრძნობიარე, როგორც ტიპი 1-ის შემთხვევაში და არ იწვევს გართულებებს.
გარდა სისხლში შაქრის დონის პოტენციური ვარდნისა, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში, კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი, რაც ინსულინ თერაპიას აქვს, არის წონის მატება.
ინსულინი არის ანაბოლური ჰორმონი. ის ყველაფრის სინთეზსა და შენახვას ასტიმულირებს. ამიტომ, ადამიანი რასაც ჭამს, ყველაფერი ერთი-ორად ერგება. შესაბამისად, წონის მატება ინსულინის არასასურველი გვერდითი ეფექტია.
ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს თუ ავიღებთ, საშუალო დონე არის 8.8 mIU/ml კაცებში, 8.4 ქალებში. სპეციალისტებზე დაყრდნობით, ინსულინის ნორმა სისხლში საუკეთესო დონეზე მაშინაა, როცა 2-6 შორის მერყეობს.
როგორც ჰელსიკორის ექიმი ნათია ვაშაყმაძე გვეუბნება, პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა ჰქონია, როდესაც პაციენტები არატრადიციული მეთოდებით ცდილობენ ამ დაავადების დამარცხებას.
ერთ-ერთი ასეთი მითია - ბათუმთან ახლოს უკვდავების წყაროა და მის წყალს რომ დალევ, გამოჯანმრთელდები. არის ათასნაირი ნაყენები, ნახარშები, უცნაური მცენარეებისგან დამზადებული სასმელი და მათ თუ მიიღებ, შაქარი ნორმაში ჩადგება.
ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ მარტივად მოაგვარონ რთული პრობლემა. არატრადიციული მედიცინა რა თქმა უნდა არაეფექტურია. ექიმი ნაყენებისა და მსგავსი საშუალებების გამოყენების არანაირ რეკომენდაციას არ იძლევა.
ერთადერთი მიდგომა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ნორმალური ძილი, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს. საჭიროების შემთხვევაში ინსულინი და ყველა სხვა რეკომენდაცია, რომელსაც პროფესიონალი ენდოკრინოლოგი იძლევა.
ძილს და ზოგადად ფსიქოემოციურ ფონს ძალიან დიდი გავლენა აქვს დიაბეტზე.
ძილი, როგორც წესი, მიბმულია ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან, რადგან როცა ადმიანი შფოთავს და ნერვიულობს, ამ დროს ძილი არ არის სრულფასოვანი.
ადამიანს აქვს წყვეტილი ძილი. ხშირად ეღვიძება და ბორგავს. ცდილობს დაიძინოს და ამისთვის სვამს ძილის წამალს.
რეალურად, უძილობის პრობლემა არ არის ასე მარტივად მოგვარებადი. ეს არის შფოთვის გამოვლინება და შესაბამისად შფოთვის მკურნალობაა საჭირო და არა უძილობის გამოსწორება.
საქმე იმაშია, როცა ღამე არ გვძინავს და ზოგადად როცა ვშფოთავთ, ამ დროს, სიხლში შაქრის დონე იმატებს. ეს კარგად იციან ტიპი 1-ის მქონე პაციენტებმა. როცა რამეზე ინერვიულებენ, სისხლში შაქრის დონე მაშინვე ეზრდებათ.
იგივე არის ტიპი 2-ის შემთხვევაში, მაგრამ მათ ხშირად არ უწევთ შაქრის გაზომვა, ამიტომ ბევრ რამეს ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან.
ასე რომ, უძილობამ, შფოთვამ და ფსიქოემოციურმა მდგომარეობამ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება. განსაკუთრებით ეს იგრძნობა დილით.
პაციენტს ღამე თუ ჰქონდა ნორმალური შაქრის დონე და დილით წყვეტილი ძილის შემდეგ გაიღვიძა, მას დონე მომატებული ექნება. ეს შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, მაგრამ საბოლოო ჯამში უძილობას ძალიან დიდი გავლენა აქვს.
შაქრიანი დიაბეტის მართვა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, მაგრამ ყველა ენდოკრინოლოგი თანხმდება იმაზე, რომ პაციენტის მაქსიმალური ჩართულობით, ამ დაავადების დარეგულირება მარტივად შესაძლებელია.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოიცავს ჯანსაღ კვებას. პაციენტი ამ დროს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს სუფრის შაქრისა და სხვა მარტივი ნახშირწყლების მიღებას. აუცილებელია ზომიერი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა და რიგ შემთხვევაში ფარმაკოთერაპია.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ფარმაკოთერაპია გულისხმობს ტაბლეტირებულ პრეპარატებს და საინექციო პრეპარატებს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა ინსულინი. მკურნალობა შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის ასაკის, დიაბეტის ხანგრძლივობის, გართულებების, თანმხლები დაავადებებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
კვება არის ფუნდამენტური ტიპი 2-ის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და თუ არ მიექცა შესაბამისი ყურადღება, მკურნალობას არ ექნება ეფექტი.
დიაბეტი არის დაავადება, რომელიც დიდწილად არის პაციენტსა და მის კვებაზე დამოკიდებული.
შესაბამისად, თუ ადამიანი არ იკვებება სწორად, არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, არ იქნება შედეგი, რომელიც მას სურს.
დიეტა გულისხმობს ტკბილეულის, ცომის, თეთრი ფქვილისგან დამზადებული ცომეულისა და პურ-ფუნთუშეულის ამოღებას - არა შეზღუდვას, არამედ რაციონიდან საერთოდ ამოღებას.
სასურველია მეტი ბოსტნეული და დაბალცხიმიანი რძის პროდუქტი. თევზი აქტიურად უნდა შედიოდეს რაციონში. პაციენტმა უნდა მოუკლოს ბევრი შაქრის შემცველი ხილის ჭამას.
რთული ნახშირწყლები დასაშვებია, როგორიცაა მარცვლეული - ჭვავის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი, რუხი პური და ა.შ.
ხორციც უნდა იყოს ნაკლებად ცხიმიანი. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ღორის მწვადები, ბატკნის ჩაქაფულები და ა.შ.
რეკომენდებულია ფრინველის დაბალცხიმიანი და კანგაცლილი ხორცი.
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მიმდინარეობის მხოლოდ ინსულინით. ინსულინი კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენაა. მისი დახმარებით, ადამიანები, რომლებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობით იყვნენ დაავადებული, დღეს ცოცხლობენ და კარგად გრძნობენ თავს.
ინსულინი არის ცილა. ჩვენი კუჭ-ნაწლავი ინელებს ყველა (კუჭნაწლავში გამომუშავდება კუჭის წვენი, მარილმჟავა, პეპსინი) ცილას, რასაც ჩვენ ვჭამთ. მათ შორის მოინელებს ინსულინსაც, თუ მას ტაბლეტის სახით მივიღებთ. შესაბამისად, მედიკამენტი სისხლში ვეღარ გადავა. ამის გამო, არ არსებობს ინსულინის ტაბლეტები. მისი შეყვანის ძირითადი გზა კანქვეშა ინექციაა.
ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებს მრავალჯერადი ინექცია სჭირდებათ. დღეში მინიმუმ ოთხჯერ, ხშირად მეტჯერაც. ასევე, აუცილებელია სისხლში შეფასდეს შაქრის დონე. ეს მოწმდება ინექციამდე და ჭამიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ.
სისხლის გაზომვაც უფრო ხშირად უწევს პაციენტს. ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანს შაქრის დონის გაზომვა სჭირდება როგორც დილით, უზმოზე, ასევე ყოველი ჭამის წინ და ჭამის შემდეგ.
ინსულინის მწვავე დეფიციტი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ პაციენტმა სულ არ იცოდეს შაქრიანი დიაბეტი თუ აქვს.
ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევა, პაციენტი მაშინ იგებს შაქრიანი დიაბეტის შესახებ, როცა უკვე რეანიმაციაში წევს დიაბეტური კეტოაციდოზით, ანუ ინსულინის მწვავე ნაკლებობით. დიაბეტური კეტოაციდოზის დროს სისხლში შაქრის დონე ძალიან მკვეთრად იზრდება.
გლუკოზა, ანუ შაქარი, ორგანიზმისთვის არის ერთგვარი საწვავი - ის ენერგიის საწარმოებლად გამოიყენება. საწვავი რომ მივიდეს უჯრედთან, შევიდეს მასში და უჯრედმა მოიხმაროს, ამისთვის საჭიროა “ბრძანება”, რომ გაიღოს უჯრედის კარი.
ეს ბრძანება მოაქვს ინსულინს. ვინაიდან, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 -ის დროს ორგანიზმი ინსულინს ვერ აწარმოებს, წარმოიქმნება პარადოქსული მდგომარეობა - სისხლში გვაქვს ბევრი შაქარი, ანუ როგორც მას ვუწოდეთ - საწვავი, მაგრამ უჯრედებში ვერ შედის და ვერ ვიყენებთ, რადგან არ მოდის ბრძანება, რომ კარები გაიღოს.
ვიანიდან გლუკოზა ვერ შედის უჯრედში, არ წარმოიქმნება ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგია. ვითარდება უჯრედების შიმშილი, რადგან მათ არ აქვთ გლუკოზა, რომელმაც უჯრედში ვერ შეაღწია და ამის მაგივრად ის სისხლში გროვდება.
ამის საკომპენსაციოდ ორგანიზმი იწყებს ალტერნატიული საწვავის მობილიზებას. ალტერნატიული საწვავი ამ შემთხვევაში არის კეტონური სხეულები, ანუ კეტონები, რომლებსაც არ სჭირდება ინსულინის ბრძანება.
ორგანიზმი იწყებს კეტონების დამზადებას და მას ყველგან აგზავნის. კეტონები ძალიან კარგი საწვავია, ოღონდ ზომიერად. როცა ჭარბად გამოიყოფა, ეს იწვევს სისხლის მჟავა ტუტოვანი ბალანსის შეცვლას. სისხლი უფრო მეტად იხრება მჟავიანობისკენ, რაც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი, თუ დროულად არ მოხდა ჩარევა.
ამ დროს შესაძლებელია პაციენტი მოხვდეს რეანიმაციაში. მკურნალობისთვის საჭიროა ინსულინი. როგორც კი მიაწვდიან ინსულინს, ეს ერთი მხრივ კეტონური სხეულების წარმოქმნას თრგუნავს და მეორე მხრივ უჯრედებში შედის შაქარი, რითაც საბოლოოდ იმუხტება ცუდი სიტუაცია.
დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება მიდგომები, რომლებითაც პაციენტებს უმარტივდებათ დაავადებასთან გამკლავება.
ადრე ასეთი სტანდარტი არსებობდა - პაციენტს ინსულინი ნემსით უნდა ამოეღო და ისე გაეკეთებინა. დღეს უკვე გვხვდება ყველასთვის ხელმისაწვდომი მოწყობილობები. ასეთია ინსულინის შპრიც კალმები. მასში ინსულინი ჩასხმული და გამზადებულია. აქვს თავისი დოზატორი, რომლითაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი დოზის დაყენება, რომ პაციენტმა არ იწვალოს და დოზა არ შეეშალოს.
აპარატს ძალიან წვრილი ნემსები აქვს, ამიტომ, ინექცია უმტკივნეულოა.
არსებობს ინსულინის მიწოდების კიდე უფრო თანამედროვე ვარიანტი - ინსულინის ტუმბოები, ანუ ფამფები. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ტელეფონზე უფრო პატარაა. მასში თავსდება ინსულინის კარტრიჯი და ტუმბოს დახმარებით მიეწოდება ორგანიზმს. გამოცვლა დაახლოებით 3 დღეში ერთხელა საჭირო. სტანდარტული მეთოდის დროს, თუ პაციენტი დღეში დაახლოებით 4 ნემსს იკეთებს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ 3 დღეში ერთხელ უწევს გამოცვლა და დანარჩენ საქმეს თავისით აკეთებს ტუმბო.
მორიგი გარღვევა, რაც ამ საკითხს ეხება, არის სისხლში შაქრის დონის გაზომვის ახალი ხერხი. თანამედროვე ალტერნატივაა გლუკოზის სენსორები, რომლებიც თითის გაჩხვლეტის გარეშე ზომავენ გლუკოზას. ის თავისი ელექტროდით ერთხელ მაგრდება კანქვეშ და ზომავს გლუკოზის დონეს - 24 საათი, კვირაში 7 დღე.
ნებისმიერ დროს, როცა მივიტანთ მაგალითად, რიდერს, ან ტელეფონში ჩამონტაჟებულ აპლიკაციას.
ეს სენსორები მუშაობენ 1 კვირიდან 2 კვირამდე. გააჩნია კომპანიას. სხვადასხვა სენსორი არსებობს და ყოველი მათგანი პაციენტს ძალიან უადვილებს საქმეს.
შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობების ერთად გამოყენება. სენსორი უკავშირდება ტუმბოს და მიეწოდება საჭირო ინფორმაცია - სისხლში ამდენი შაქარია, ამდენი ინსულინი მიდის. პაციენტს აქვს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომ მარტივად დაარეგულიროს გლუკოზას დონე. ეს არის თანამედროვე საშუალება, რომ პაციენტებს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. საქართველოში ახლა იწყება ცვლილებები. ნელ-ნელა უკვე შემოვიდა ფამფები და ხელმისაწვდომი ხდება ადამიანებისთვის.
შაქრის ნორმის განსაზღვრა რთულია და ზოგადად, სამედიცინო სფეროში, სიტყვა ნორმას არ იყენებენ. მის მაგივრად ხმარობენ სამიზნე დონეს - რა არის ის მიზანი, რასაც პაციენტმა უნდა მიაღწიოს. ეს დონე დამოკიდებული არის პაციენტის ასაკზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, გამოწვეულ გართულებების არსებობაზე, სხვა თანმხლებ დაავადებებზე და რა მოტივაცია აქვს პაციენტს - მიჰყვება თუ არა მკურნალობას.
არის 2 სხვადასხვა სიტუაცია - პაციენტი, რომელიც წელიწადში ერთხელ მიდის შემოწმებაზე და პაციენტი, რომელიც ყოველ 2-3 თვეში მოწმდება. ორივეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. შესაბამისად, არსებობს მკაცრი, ან ნაკლებად მკაცრი მიდგომები და ყველაფერი რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, ნაკლებია თანმხლები დაავადებები და გართულებები. რაც მეტად მოტივირებულია, სამიზნე დონე მით უფრო ახლოს არის ფიზიოლოგიურ ნორმასთან.
პაციენტი თუ არ უფრთხილდება საკუთარ თავს, დიდი ხანია რაც დიაბეტი მიშვებული აქვს, არ აქცევს საჭირო დოზით ყურადღებას, ბევრი გართულება და თანმხლები დაავადება აქვს - ამ შემთხვევაში, სამიზნე დონე უფრო მაღალია.
ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობა არის ბეწვის ხიდზე გავლასავით. მაგალითად, პაციენტს სურს იდეალურად იმკურნალოს და შაქარი მისაღებ დონეზე ჰქონდეს. ამ დროს დიდია შანსი ნორმაზე დაბლა ჩამოვიდეს შაქარი ზედმეტი და გადაჭარბებული მცდელობის გამო. ზოგჯერ კი, როცა ნაკლებად ცდილობს დარეგულირებას, შეიძლება ნორმამ აიწიოს. ადამიანმა ერთი ერთეულით მეტი რომ მიიღოს ინსულინი, მას შეიძლება შაქარი დაუვარდეს - ამას ჰქვია ჰიპოგლიკემია.
ამიტომ, პაციენტი რაც უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას დაავადებას და დიდი ხნის გართულებები აქვს, ის ნაკლებად აიტანს ნორმაზე დაბლა შაქრის ვარდნას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი ან ინსულტის შეტევა. ამიტომ, ასეთ პაციენტთან, რაც შეიძლება ზედა დონე ისახება მიზნად.
ის ვინც უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას, ნაკლები გართულებებითა და რისკებითაა, ამ დროს ზღვარი ფიზიოლოგიურ ნორმასთან უფრო ახლოსაა.
საბოლოოდ, ინდივიდუალურია სამიზნე დონეები დიაბეტის მქონე პაციენტებში, როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2-ის მქონე ადამიანებში და მას ექიმი განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელი ადამიანის შაქრის ნორმა უზმოზე არის 110 მილიგრამი დეცილიტრი და ჭამიდან 2 საათში არის 140 მილიგრამი დეცილიტრი. ექიმი გვირჩევს, რომ პერიოდულად ვიაროთ კონსულტაციაზე, გადავმოწმდეთ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ ხომ არ გვაქვს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. სიმპტომების გამოვლენამდე დაავადების კერის აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს მარტივად ვმართოთ ეს ვერაგი დაავადება.
ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად, შაქრის ნორმა ასაკით მიხედვით ასეთია:
1. 6 წლის ბავშვისთვის - უზმოზე 100-180 მილიგრამი დეცილიტრი, ჭამიდან 2 საათში 180.
2. 6-12 წლის ბავშვებისთვის - უზმოზე 90-180 მილიგრამი დეცილიტრი, ჭამიდან 2 საათსი 140მდე.
3. 13-19 წლის ასაკისთვის - უზმოზე 90-130 მილიგრამი დეცილიტრი, ჭამიდან 2 საათში კი 140მდე.
ზემოთ ვისაუბრეთ კოვიდისა და ამ დაავადების კავშირზე. ვიდეოში უფრო ვრლად გაეცნობით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.
საავადმყოფო ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე სტუმრად ეწვია მარი მალაზონიას მის საავტორო გადაცემაში – პირადი ექიმი. ენდოკრინოლოგი მიმოიხილავს დიაბეტის, ენდოკრინული დაავადებებისა და COVID-19-ის ურთიერთკავშირს.
რა კავშირშია აუტოიმუნური დაავადებები და COVID-19
რატომაა დიაბეტი კორონავირუსის გართულებების რისკ-ფაქტორი
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან დიაბეტისა და სიმსუქნის მქონე პირებმა COVID-ის ეპოქაში
როგორ ვმართოთ შაქრიანი დიაბეტი COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში
რა არის პიკვიკის სინდრომი
დასკვნის სახით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შაქრიანი დიაბეტის ყველა ტიპი ძალიან საზიანოა, თუ ადამიანმა არ მიხედა ჯანმრთელობას და არ დაიცვა პროფესიონალის რეკომენდაციები.
ყველაზე გავრცელებული ტიპი 2-ის შემთხვევაში, საუკეთესო გზაენდოკრინოლოგთან დროული ვიზიტია. პერიოდულად გადამოწმება და სიმპტომების გამოვლენამდე დაავადების კერის აღმოჩენა იმის წინაპირობა, რომ ადამიანი მაქსიმალურად შეძლებს ამ მავნე დაავადების კონტროლს და ნორმალურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელებას.
კლინიკა ჰელსიკორი გისურვებთ ჯანმრთელობას!