კარდიოქირურგიული ოპერაცია კლინიკა ჰელსიკორში

2022-07-25

რა არის კარდიოქირურგია და ინტერვენციული კარდიოლოგია

ჩვენ უკვე ზოგადად მიმოვიხილეთ, თუ რა არის კარდიოლოგია და ყველაზე ხშირად  რა პრობლემებია მასთან დაკავშირებული. 

ამ ბლოგში პათოლოგიების მკურნალობაზე ვისაუბრებთ. არსებობს ორი მეთოდი - ტრადიციული, ქირურგიული ჩარევა და შედარებით ახალი, ინტერვენციული მიდგომა. ორივეს საქართველოში წამყვან სპეციალისტებთან ერთად მიმოვიხილავთ.

მრავალპროფილური კლინიკა ჰელსიკორის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ირაკლი გოგორიშვილი, ამ უფრო თანამედროვე მკურნალობის მეთოდზე გაგვესაუბრება. ხოლო, კარდიოქირურგი ლევან აროშიძე კი ქირურგიული ჩარევების დეტალებს მოგვახსენებს.

 

 

რა არის კარდიოქირურგია და როგორ მიმდინარეობს ოპერაცია?

კარდიოქირურგია არის დარგი, რომელიც მოიცავს გულს, მაგისტრალურ სისხლძარღვებსა და გამომავალ მთავარ სისხლძარღვებს. არსებობს თანდაყოლილი დაავადებებისა და  პათოლოგიების ქირურგია, რომელიც ზრდასრულთა შეძენილ დაავადებათა ქირურგიას გულისხმობს. 

კლასიკური ჩარევის დროს მკერდის ძვალი იჭრება, გახერხვით და დიდი ღია წესით. ეს საკმაოდ ტრავმული პროცედურაა, თუმცა 15-20 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდებოდა.  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა მინი ინვაზიური ქირურგია, რა დროსაც  მკერდის ძვალი აღარ იკვეთება ისეთი მასშტაბით, როგორც ადრე, მხოლოდ მცირე ზომის კვეთაა საჭირო.

თუ რა პრობლემაზე ხდება ჩარევა და საჭიროა თუ არა ბოლომდე გაიჭრას მკერდის ძვალი.

შუნტირებაც კეთდება მინი ინვაზიურად, პატარა განაკვეთით, მაგრამ ამასაც თავისი შეზღუდვები აქვს. კომბინირებული ოპერაციები, ანუ შუნტირება და სარქვლები ერთად, მინი ინვაზიურად სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება, მაგრამ იზოლირებული სარქვლები - აორტის და  ვიტრარული, ორივე შესაძლებელია პატარა განაკვეთით. 

მკერდის ძვალი არ იხერხება. გამოჯანმრთელებას, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. ტკივილიც ნაკლებია, სისხლის დანაკარგი ცოტაა და კოსმეტიკური ეფექტიც ბევრად განსხვავდება. ამ დროს, სულ 6-7 სანტიმეტრზეა გვერდზე სხეული გაჭრილი -  წინ, შუაში 25 სანტიმეტრიანი განაკვეთის მაგივრად.

 

რა არის ინტერვენციული კარდიოლოგია და როდისაა ის რეკომენდირებული?

როგორც ჰელსიკორის ექიმი კარდიოლოგი ირაკლი გოგორიშვილი გვეუბნება, მოსახლეობამ კარგად იცის ეს თემა და გათვითცნობიერებულია. თავდაპირველად, ინტერვენციული კარდიოლოგის დარგი გამოიყო იმისათვის, რომ თუნდაც იგივე  კორონალური არტერიის, ანუ გულის მკვებავი არტერიების, ძირითადად პრობლემები დადგენილიყო. 

დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება. ასეთივე კათეტერული ჩარევებით ხდება გულის სტრუქტურული დაავადების, არა კორონალური არტერიების - არამედ თვითონ სარქვლების; გულის კედლის;  ძგიდის და  მსხვილი სისხლძარღვების პათოლოგიების კათეტერული მკურნალობა. 

ადრე ეს ყველაფერი საჭიროებდა გაჭრას, ანუ სხეულის გაკვეთას. ახლა ტექნოლოგია იმდენად წინ წავიდა, რომ სარქველი შეგიძლია ჩაკეცო პატარა კათეტერში. ამ დროს პაციენტი აბსოლუტურად ფხიზელია. ეს კათეტერი მიდის გულამდე, რომელიც შესაბამის ადგილას მონტაჟდება.

ამ დროს აუცილებელი იყო ზოგადი ნარკოზი, გულმკერდის გახსნა და ორგანოს გაჩერება. ადამიანი რომ არ მომკვდარიყო, უნდა გადაგეყვანა ხელოვნურ სისხლის მიმოქცევაზე. საჭირო იყო ხელოვნური გული და ფილტვი. ამასობაში სარქველს ამოჭრიდი, ახალს ჩააკერებდი. შემდეგი პროცედურა იყო ჭრილობის გაკერვა, პაციენტის გაღვიძება და ა.შ. 

ბუნებრივია, მთელი ეს პროცესი ძალიან იწელებოდა, მაგრამ ინტერვენციული ჩარევის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივად ხდება.

 

მაინც როდისაა საჭირო გაჭრა?

საოპერაციო ოთახი

თუ ძალიან შორს არის წასული კორონარული დაავადება და ყველა სისხლძარღვი დაზიანებულია. პლუს ამას პაციენტს აქვს დიაბეტი, ინსულინზეა და ა.შ. 10 და 15 სტენტის ჩაყენებას აზრი არ აქვს და  ამ დროს ჯობია შუნტირება. 

რაც შეეხება სარქვლებს, თუნდაც სხვადასხვა სტრუქტურულ დაზიანებებსა და  პათოლოგიებს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში ჯერ ისევ ქირურგიულად ხდება ამის მკურნალობა. ჩვენს შემთხვევაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია სარქვლების ფასი. როგორც წესი, ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ქირურგია კი უფრო იაფი ჯდება და სახელმწიფოც ჩართულია მის დაფინანსებაში.

ინტერვენციული მეთოდის დროს  გამოიყენება კათეტერული სარქველი. საქართველოში ამის შესყიდვა და ანაზღაურება არ ხდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტს თავისით უწევს ყიდვა და უჯდება დაახლოებით 15-20 ათასი დოლარი. იგივე ოპერაციის ქირურგიული ჩარევით გაკეთების შემთხვევაში, გადასახადი დაახლოებით 5000 ლარის ფარგლებშია.

ინტერვენციული ძვირია, მაგრამ მას თან უამრავი დადებითი მხარე აქვს. მთავარი ალბათ ისაა, რომ არ გჭრიან. ოპერაცია მალე მთავრდება. მარტივი პროცედურაა. ჭრილობა არ გაქვს. არ ხასიათდება გართულებით და უკვე მეორე დღეს სახლში მიდიხარ.

ახლახან ამ მეთოდით  “როლინგ სთოუნზის” მომღერალმა, მიკ ჯაგერმა გაიკეთა ოპერაცია და მეორე დღეს სახლში დასვენების მაგივრად პირდაპირ  ტურნეში წავიდა. 

ქირურგიის დროს გართულებები უფრო ხშირია, არის სისხლდენები, შეხორცება დიდ დროს მოითხოვს და ბევრი სხვა  მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

ლევან აროშიძე გვეუბნება, რომ საბოლოოდ ქირურგიის მომავალი არის უსისხლო. რეალურად ინტერვენციული მიდგომა არის მომავალი და საქართველოში კი ჰელსიკორია ამ  დარგის პიონერი და მოწინავე. 

 

როგორ ვითარდება ტექნოლოგიურად კარდიოქირურგია?

ზოგადად კარდიოქირურგიაში ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია, რადგან თვითონ დარგი საჭიროებს მაღალ ტექნოლოგიებს, ბუნებრივია მის გარეშე ბევრი ვერაფერი გამოვა. სისხლის ხელოვნური მიმოქცევა იქნება საჭირო, თუ სხვა ჩარევა. საქართველოშიც, კერძოდ კი ჰელსიკორში ამ მხრივ საკმაოდ  დიდი ინვესტიციებია განხორციელებული და კლინიკა შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. როგორც გერმანიაში და ამერიკაშია ტექნიკა, ისევეა საქართველოში, რაც შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ რეალობა ესაა, რადგან თვითონ კარდიოქირურგიის დარგი ასეთია და სხვანაირად სრულფასოვნად ვერ იფუნქციონირებს.

 

რა არის მთავარი რისკფაქტორები და პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდები?

ლევან აროშიძე და მისი კოლეგა ირაკლი გოგორიშვილი პრევენციისთვის უკვე ნაცნობ  რჩევებს გვთავაზობენ. ჯანსაღი ცხოვრების წესი, პერიოდულად შემოწმება, იგივე ოჯახის ექიმთან ხშირი ვიზიტი.

ბევრი რისკფაქტორია და მათ შორის რა თქმა უნდა გამორჩეულია გენეტიკა.  სიგარეტი ასევე ძალიან დიდი პრობლემაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკფაქტორია მაღალი წნევა, არტერიული ჰიპერტენზია. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? -  მაღალ წნევაზე გულს უწევს მეტი წინააღმდეგობის გადალახვა, შესაბამისად  სწრაფად წურავს მთელ თავის რესურსს. მაღალი წნევის დროს ხდება არტერიების კედლების ერთგვარი გახისტება და როდესაც ეს პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, ის აუცილებლად იმოქმედებს გულზე. 

სამწუხაროდ, ორივე სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ ზოგადად ჯანმრთელობის საკითხს. მათი გამოცდილებით გულის დაავადებები იშვიათი შემთხვევა ნამდვილად არაა და მათთან მოსული პაციენტები უკვე კრიტიკულ ზღვარზე არიან. ორივე კარდიოლოგი კიდევ ერთხელ გვირჩევს, რომ პრობლემის გაჩენამდე მივხედოთ ჯანმრთელობას, ხშირად ვიაროთ ექიმთან კონსულტაციაზე და არ დავიზაროთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.