კუჭის წყლული და მისგან გამოწვეული ტკივილი

2022-10-30

კუჭის წყლული - არ დატოვოთ უყურადღებოდ (2022)

საჭმლის მომნელებელი სისტემა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან გავრცელებულია საქართველოს მოსახლეობაში. რამდენადაც გემრიელია ქართული კერძები, სამწუხაროდ, ხშირად მათი გადაჭარბებული მიღება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.

კლინიკა “ჰელსიკორში” ამ გართულებებს მკურნალობს გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე. ის არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, არაერთი ორგანიზაციის წევრი და 2018 წლის საუკეთესო ექიმის საპატიო წოდების მქონე.
 

კუჭ-ნაწლავი

გასტროენტეროლოგია ზუსტად საჭმლის მომნელებელ სისტემას, მასთან დაკავშირებულ პრობლემებს იკვლევს და მკურნალობს.

კუჭ-ნაწლავი არ შეიძლება განვიხილოთ  ფრაგმენტებად დაყოფილი ცალკე ორგანო. ეს არის სისტემის ნაწილი, ისევე როგორც სასუნთქი სისტემა, ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

ამიტომ, გასტროენტეროლოგია მოითხოვს, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ჩნდება სხვადასხვა სეგმენტში, რეაბილიტირდეს არა მხოლოდ ის კონკრეტული სეგმენტი, არამედ საჭიროა მთლიანად კუჭ-ნაწლავის მკურნალობა. სწორედ, ამ პრინციპით მკურნალობას აქვს ყველაზე კარგი შედეგი.

კუჭ-ნაწლავის მოწესრიგება

კუჭ ნაწლავის მკურნალობა

მედიცინაში თუ სიტყვას ემატება "იტი, უმეტეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს ანთებას. შესაბამისად, გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანის ანთება.

ანთების დროს ორგანიზმი ებრძვის გამაღიზიანებელ ფაქტორს. ამ დროს იწყება ლორწოვანის შეშუპება, ტემპერატურა იზრდება, ვითარდება შეშუპება, შეწითლება - ეს ყველაფერი შიგნით მიმდინარეობს და ადამიანი ვერ ხედავს.

კუჭი არის ორგანო, სადაც ძალიან მძიმე ფერმენტი პროდუცირდება პეპსინის სახით. პეპსინი, იგივე კუჭის წვენი. კუჭის წვენი საჭიროა, რომ მოვინელოთ საკვები, რომელიც პირის ღრუდან საყლაპავის გავლით ჩადის კუჭში.

ეს მჟავა თავისუფლად ინელებს ხორცს. Აქვე, შეიძლება დაიბადოს ლოგიკური კითხვა - მჟავა რატომ არ აზიანებს თავად კუჭის კუნთოვან ნაწილს, მარტივად რომ ვთქვათ კუჭის ხორცს.

არ აზიანებს იმიტომ, რომ შიგნით კუჭი ამოფენილია დამცავი ლორწოვანი გარსით, რომელიც ბარიერულ ფუნქციას ასრულებს და ამის გამო კუჭის კედელი არ ზიანდება. თუმცა, არის სიტუაცია, როცა ის ზიანდება და საწყისი ეტაპი სწორად გასტრიტია. გასტრიტი, ანუ ანთებითი პროცესი.

როცა კუჭ-ნაწლავის პრობლემები იწყება, უმეტეს შემთხვევაში, ანთებითი პროცესი არის ყველაფრის საწყისი. ანთების გართულება უკვე არის კუჭის წყლული და ეროზია.

შესაბამისად, კუჭ-ნაწლავის მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დამატებითი გართულებები არ დაიწყოს.

რა არის კუჭის წყლული

კუჭის წყლული არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება. წყლული და ეროზია არის სწორედ იმ ლორწოვანის დაზიანება, რომელიც იცავს კუჭის კედელს. ამის შემდეგ კიდევ უფრო რთულდება კუჭის ანთება.

წყლული და ეროზია დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთადერთი განმასხვავებელი არის ზომა. 5 მილიმეტრამდე წყლულოოვანი დაზიანება არის ეროზია, ხოლო 5 მილიმეტრს ზევით უკვე არის წყლული.

რა არის კუჭის ეროზია?

როგორც უკვე აღვიშნეთ, კუჭის ეროზია არის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტი. ის ხორცდება ნაწიბურის წარმოქმნის გარეშე. კუჭის ეროზია ხშირად სხვადასხვა სინდრომით ვლინდება: წყლულისმაგვარი, ან ჰემორაგიული. 

ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ თორმეტგოჯასა და კუჭის წყლულის ტკივილი. ეს უკანასკნელი შეიძლება დაიწყოს ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ. თორმეტგოჯას ტკივილი კი , წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, ღამით, ეგრედ წოდებული მშიერი ტკივილებით იწყება. ადამიანს ხშირად შეხვდებით მაცივართან. მან უნდა ჭამოს, რომ ეს ტკივილი გაქრეს. კვების შემდეგ ტკივილი ქრება.

ტკივილი ჭამიდან 1.5-2 საათის შემდეგ აღმოცენდება. ზუსტად ეს დროა საჭირო კუჭიდან თორმეტგოჯაში გადავიდეს საკვები. 

ნაწლავის სპაზმი

თუ გაქვთ მუცლის ხანგრძლივი ტკივილი, ნაწლავის სპაზმი, მუცლის შებერილობა, დიარეა, ან შეკრულობა, ეს შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე მიუთითებდეს.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ნაწლავის დისფუნქციით ხასიათდება. ხშირ შემთხვევაში ტკივილი მსუბუქდება დეფეკაცის შემდეგ და ზოგჯერ თან ახლავს მუცლის შებერვა.

 

კუჭის ტკივილის გარდა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ალისფერი სისხლდენა ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია, მაგრამ გარდა ასეთი მკვეთრი გამოხატულებისა, ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს განავლის ფერს. შავი ფერის განავალი, რომელსაც სამედიცინო ენაზე მელენა ეწოდება, იმის ნიშანია, რომ სისხლდენა უკვე არსებობს  - თორმეტგოჯიდან, ან კუჭიდან. გაშავება ფერმენტებთან ურთიერთობის შედეგად ხდება.

თუ ადამიანს აქვს სისხლის ღებინება, ეს შეიძლება ვარიკოზული ვენების დაზიანება იყოს, მაგრამ მელენა კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

ექიმები გვირჩევენ, რომ ნებისმიერი ჩივილის დროს, იქნება ეს შებერილობა, გულძმარვა, რომელიც ხშირად “იჟოგა” სახელითაა ცნობილი, დროულად მიექცეს ყურადღება. 

როგორც ჰელსიკორის გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე გვეუბნება, პაციენტები ხშირად სერიოზულად არ აღიქვამენ ამ ზემო ნახსენებ პრობლემებს და ამბობენ, რომ უბრალოდ გულძმარვა, შებერილობა, შეკრულობა, იგივე ყაბზობა აქვთ და არაფერი აწუხებთ. ამ დროს მხოლოდ მინერალური წყლის დალევა არაა საკმარისი - ეს არ შველის მთავარ პრობლემას. 

რეალურად, ეს ყველაფერი შეიძლება მიუთითებდეს, რომ არსებობს კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

რა არის აირების დაგროვება, იგივე მეტეორიზმი 

აირების დაგროვება იგივე მეტეორიზმი

აირების დაგროვება არის მოუნელებელი, არასწორად მონელებული საჭმლის მიერ გამოყოფილი აირები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ამოფენილია “მეგობარი” ბაქტერიებით, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან საკვების მონელებაში. ამათ გარდა არიან “უსაქმური” ბაქტერიები. მათ ასევე ეწოდებათ ლპობის ბაქტერიები. ზუსტად მათი გააქტიურება იწვევს აირების დაგროვებას. 

მეტეორიზმი საკმაოდ გავრცელებულია პრობლემაა. აირების დაგროვება აჩენს სხვადასხვა ჩივილებს. ეს პრობლემები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად.

მუცლის შებერილობა ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც ნაწლავების შებერილობს შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს სახეზე გვაქვს მეტეორიზმი, ანუ აირების დაგროვება, ადამიანი ვერ გამოყოფს გაზებს. ვითარდება მსხვილი ნაწლავის სპაზმი, რასაც მივყავართ მუცელში გაჩენილ დისკომფორტთან.

მეორე ვარიანტი, რომლითაც მეტეორიზმი ხასიათდება, არის აირების ინტენსიური გამოყოფა. ამ დროს, როგორც წესი, ადამიანს არ აქვს ტკივილი, მაგრამ მუცლის ხმაური საკმაოდ ხმამაღალია და გამოყოფილი აირები საკმაოდ მძაფრი სუნით ხასიათდებიან.

ჰელიკო ბაქტერია

წყლულოვანი დაავადების და გასტრიტის გამომწვევი ნომერ პირველი ფაქტორი არის ჰელიკობაქტერია.

ჰელიკო ბაქტერია ერთვება ანთებით პროცესში და ის არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ზიანდება ლორწოვანი. ლორწოვანის დაზიანება ხსნის გზას იქითკენ, რომ მჟავამ დააზიანოს კუჭის კუნთოვანი ნაწილი.

ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ პრაქტიკაში მას არ ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა ანტიბიოტიკის გარეშე მორჩენილიყოს წყლულოვანი დაავადება.

ჰელიკობაქტერია შეიძლება ადამიანში იყოს, მაგრამ მას წყლულოვანი დაავადება არ ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰელიკო ბაქტერია გადამდებია - ეს არის ფეკალურ-ორალური ინფექცია, რასაც ეძახიან ჭუჭყიანი ხელების ინფექციას, რეალურად, მისი არსებობა იმთავითვე არ ნიშნავს დაავადებას. თუმცა, თუ არის დაავადება და მისი არსებობა დადასტურდა, საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

კუჭ-ნაწლავის მკურნალობა თვითნებურად

გასტროენტეროლოგია მედიცინის ისეთი დარგია, გართულებების შემთხვევაში თვითმკურნალობის მაგივრად აუცილებლად დროულად უნდა მიხვიდეთ პროფესიონალთან.

თვითმკურნალობის ერთ-ერთი მაგალითია პრეპარატი “ომეპრაზოლის” გამოყენება კუჭის ტკივილის დროს. ჩვენი რესპოდენტი ასეთი პრაქტიკის წინააღმდეგია. 

საქმე იმაშია, რომ ამ დროს შეიძლება პრობლემა მხოლოდ კუჭში არ იყოს. დიდია შანსი დაზიანებული იყოს საყლაპავი. 

ეროზია, ისევე როგორც წყლული, მხოლოდ კუჭში, ან თორმეტგოჯაში არ ვითარდება. შესაძლოა განვითარდეს ნაწლავებში, ასევე საყლაპავში და ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვეს. ეს ყველაფერი მაქსიმალურადაა გამოსაკვლევი პროფესიონალის მიერ.

აქვე შეგახსნებთ, რომ კლინიკაში მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაეცანით სადაზღვევო პირობებს, ჰელსიკორში ხელმისაწვდომია შეღავათიანი ჯანმრთელობის დაზღვევა.

კვება კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად

კვება და დიეტა კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ

როდესაც ადამიანს აქვს გასტრიტი, ან წყლულოვანი დაავადება, ამ დროს პური, პურ-ფუნთუშეულის კონკრეტული სახეობებია რეკომენდირებული. სასურველია თეთრი პური, ოღონდ წინა დღის, გამომშრალი პური. არ არის ცუდი ასევე ე.წ. სუხარი, მაგრამ ამ შემთხვევაში სასურველია, რომ მიირთვათ ჩაისთან ერთად და არ მიიღოთ გამომშრალი. 

პურის აკრძალვა არაა აუცილებელი, მაგრამ პაციენტმა უნდა დაიცვას რეკომენდაციები. 

პაციენტებისთვის ასევე კატეგორიულად დაუშვებელია სანელებლები.

ძალიან ცუდია პროცესირებული ხორცი და პროცესირებული საკვები. მაღალ ტემპერატურაზე, გახურებულ ცხიმში მომზადებული ნებისმიერი პროდუქტი ძალიან საშიშია. ისევე როგორც შებოლილი, დაშაშხული, დამარილებული პროდუქტები. 

ძალიან ცხიმიანი საკვები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. უმეტესობა პაციენტებს, გასტრიტის გარდა, აქვთ ქოლეცისტიტები, ნაღვლის ბუშტის პრობლემები. ასე რომ, ცხიმიანი საკვები მათთვის მიუღებელია.

მინერალური წყალიც კი, რომელიც ძალიან კარგი რესურსია, გაზიან მდგომარეობაში არის საშიში და მავნე კუჭის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. 

არა მხოლოდ პაციენტმა, ჯანმრთელმა ადამიანმაც მინერალური წყალი, რომელიც ანეიტრალებს მჟავიანობას, უნდა მიიღოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ან ჭამიდან 2-2.5 საათის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ მინერალური წყლის დალევა. ვინაიდან, ის ანეიტრალებს მჟავიანობაას და იწვევს მონელების პროცესის დარღვევას.

ღორს ხორცი, ასევე, არ შეიძლება პაციენტისთვის. ქათამი და თევზი მოხარშულ მდგომარეობაში ძალიან კარგი პროდუქტია. ძროხის ხორცი მხოლოდ მოხარშული. ქათმის ხორცი, კანგაცლილი.

პარკოსნები დაუშვებელია. ისინი აგროვებენ აირებს და საქმეს კიდევ უფრო ურთულებენ კუჭს.

შვრია და წიწიბურა, ოღონდ კარგად მოხარშული, ორივე კარგი საკვებია პაციენტისთვის. 

როგორ აისახება ღვინის მიღება კუჭზე

კარგად გაკეთებული ღვინის ნორმის ფარგლებში მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ როცა საქმე გვაქვს პაციენტთან, ვისაც კუჭის პრობლემები აქვს, მისთვის ერთი ჭიქის დალევაც არ შეიძლება. ღვინოში არის ძმარმჟავა, რომელიც არ უნდა ხვდებოდეს ისედაც გაღიზიანებულ კუჭში.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სპირტიანი სასმელი, ნაკლებად თრგუნავს კუჭს. რეალურად სპირტიანი სასმელიც დამაზიანებელია, მაგრამ ტკივილის რეცეპტორების გააქტიურება ამ დროს ნაკლებია. მაგალითად, იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც წყლული აქვს.

ამ დროს პაციენტს ჰგონია, რომ ღვინის მაგივრად არყის დალევა მისთვის უკეთესია, რაც არასწორია. 

ასე რომ, წყლულოვანი დაავადების დროს, პაციენტისთვის დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. არამხოლოდ ალკოჰოლი, არ შეიძლება გაზიანი სასმელი. 

 

საბოლოოდ, ჰელსიკორის ექიმები ყველა პაციენტს მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები. ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა. ამ დროს უმჯობესია დროულად დაჯავშნოთ ვიზიტი ექიმთან.