ძილის აპნოე და მისი მკურნალობა ჰელსიკორში

2024-03-01

ძილის აპნოე და მისი მკურნალობა ჰელსიკორში

ძილის აპნოეს სინდრომი - იგივე ძილის დროს სუნთქვის მოშლა წარმოადგენს ძილის დარღვევის ფორმას, რომელიც ხასიათდება ძილის დროს სუნთქვის გაჩერების (აპნოე) და ზედაპირული სუნთქვის ეპიზოდების (ჰიპაპნოე) რეგულარული, განმეორებითი აღმოცენებით. ყოველი პაუზა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან წუთამდე, რომელიც მოჰყვება ხმამაღალ ხვრინვას ან შესაძლებელია განვითარდეს ხმამაღალი ხვრინვის ფონზე.

 

ძილის დარღვევათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით (ICSD) ძილის აპნოეს სინდრომი წარმოდგენილია სამი ტიპით: ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA), ძილის ცენტრალური აპნოე (CA) და ძილის შერეული (Mixed/Complex) აპნოე.

კლინიკური მანიფესტაციის და ფუნქციურ დარღვევათა მიხედვით ძილის ობსტრუქციული აპნოე, ბოლოდროინდელი პოლისომნოგრაფიული გამოკვლევების მიხედვით მიჩნეულია ძილ-სუნთქვითი დარღვევის ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმად (84%). იგი ხასიათდება სუნთქვის დროს ჰაერის ნაკადის მიწოდების შეჩერების ხშირი და განმეორებადი ეპიზოდებით. აღნიშნული გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული ბლოკირებით, რაც განაპირობებს ძილის კოლაფსს (შეწყვეტას). ასეთი ეპიზოდები შეიძლება გრძელდებოდეს 10-დან 200 წამამდე და შეადგენდეს ძილის საერთო დროის 40-45%-ს.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომის ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება: ძლიერი ხვრინვა, დღის ძილიანობა, დაღლილობა, ინსომნია, ენერგიის ნაკლებობა, სოციალური პრობლემები, კონცენტრაციის და ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების დაქვეითება, დაძაბულობა (სტრესი), გაღიზიანებადობა, თავის ტკივილები, დეპრესია. ძილის ობსტრუქციული აპნოესთან ასოცირებულ გართულებებს შეადგენენ: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, გულ-ფილტვის უკმარისობა, იმპოტენცია (სომატოტროპული ჰორმონის და ტესტოსტერონის სეკრეციის დარღვევა), მეტაბოლური სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები, დისლიპიდემია, გულის რიტმის მოშლა, პაციენტთა შორის მაღალია კარდიოგენური სიკვდილის მაჩვენებელი და სხვა.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ობსტრუქციული ძილის აპნოესთან ასოცირებული გულის უკმარისობა, ახასიათებთ ადრენერგული აქტივაციის სიჭარბე ძილ-ღვიძილის დროს. ასეთი სტრესი განაპირობებს გულის იშემიური დაავადების მაღალ რისკს, გულის ფუნქციის მოშლას, არითმიას (50%), რომლის მაჩვენებლია ჰიპერკაპნია, აციდოზი, ჰიპოქსია, იშემია,

სიმპათიკური დონის მატება ძილ-ღვიძილის დროს, QT-ინტერვალების ცვლილება.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს დრამატული ეფექტები ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე ვლინდება ფიზიკურ, კოგნიტურ, სოციალურ დეზადაპტაციაში და ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ისეთი მწვავე სისხლძარღვოვანი კატასტროფების განვითარებას, როგორიცაა - იშემიური ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.


ძილის ცენტრალური აპნოე ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ფორმაა. განსხვავებით ძილის ობსტრუქციული აპნოესაგან, ძილის ცენტრალური აპნოე არის ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ჰაერის ნაკადის შემცირების ან შეწყვეტის განმეორებითი ეპიზოდებით ცენტრალური რესპირატორული მოძრაობის დროებითი შემცირების ან არარსებობის გამო. ცენტრალური ძილის აპნოეს (CSA) დარღვევების ფუნდამენტური ნიშანი არის ვენტილაციის კონტროლის არასტაბილურობის არსებობა; არსებობს CSA-ს რამდენიმე გამოვლინება, მათ შორის იდიოპათიური ძილის ცენტრალური აპნოე, ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ძილის ცენტრალური აპნოე, სიმსუქნის ჰიპოვენტილაციის სინდრომი და ჩეინ-სტოკსის სუნთქვა. CSA შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოკაპნიის ან ქრონიკული ჰიპერკაპნიის პირობებში. ძილის ობსტრუქციული აპნოესაგან განსხვავებით არ ახასიათებს მკვეთრად გამოხატული აგრესიული ხვრინვა. ძილის ცენტრალური აპნოეს დამახასიათებელი სიმპტომებია: ძილის დროს სუნთქვის გაჩერება, უეცარი გაღვიძება ქოშინით, უძილობა, გადაჭარბებული დღის ძილიანობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპერსომნია, კონცენტრაციის დეფიციტი (უჭირს ფოკუსირება), განწყობს შეცვლა, დილის თავის ტკივილი.

ძილის ცენტრალური აპნოეს გამომწვევი პირდაპირი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები: გენდერული, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ძილის აპნოე ხშირ შემთხვევაში განპირობებულია შემდეგი ნევროლოგიური მოშლილობებით: პოლიომიელიტი, ენცეფალიტი, ნეირორეგენერაციული დაავადებები, კისრის მიდამოს ოპერაციის გართულებები, ინსულტი, მიასთენია, მიოპათია, პოლირადიკულონეიროპათიები, ჰიპერვენტილაციური სინდრომით გამოხატული ფსიქოგენური დაავადებები.

ძილის კომპლექსური/შერეული აპნოე არის როგორც ცენტრალური, ასევე ობსტრუქციული ძილის აპნოეს სიმპტომების ერთობლიობა. ანუ როდესაც აპნოეს ეპიზოდი შეიცავს როგორც ცენტრალური, ისე ობსტრუქციული აპნოეს დამახასიათებელ სიმპტომებს.

ძილის ანოეს სინდრომის (SAS) დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგებს ღამის ძილის პოლისომნოგრაფიული (PSG) კვლევა. პოლისომნოგრაფია, რომელიც ცნობილია როგორც ძილის კვლევა, არის ტესტი, რომელიც გამოიყენება ძილის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის. ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიის (AASM) და ევროპის ძილის კვლევის კავშირის (ESRS) გაიდლაინის მიხედვით დადგენილია პოლისომნოგრაფიული კვლევის მინიმალური სტანდარტი: რეგისტრირდება თავის ტვინის ელექტრული აქტივობა (ეეგ 6 გამოყვანა), EOG -ელექტროოკულოგრამა, EMG-კისრის კუნთების აქტივობა, EKG- ელექტროკარგიოგრამა, SPO2-ჟანგბადის სატურაცია სისხლში, მუცლით, მკერდით და ცხვირით სუნთქვა, ხვრინვა (ხორხისმიერი და ცხვირით), ფეხების მოძრაობა. გამოკვლევა მიმდინარეობს სინქრონიზირებული ვიდეო ჩანაწერის თანმხლებით.

ძილის შესწავლა შეიძლება ჩატარდეს ძილის დარღვევების განყოფილებაში საავადმყოფოში ან ძილის ცენტრში. ტესტი ჩვეულებრივ ტარდება ღამით. მაგრამ ეს შეიძლება გამონაკლისის სახით გაკეთდეს დღის განმავლობაშიც.

გარდა პოლისომნოგრაფიისა ძილის აპნოეს სინდრომის სკრინინგული შეფასება ხდება კითხვარების: ESS (The Epworth Sleepiness Scale), STOP-BANG Sleep Apnea Questionnaire და Berlin Questionnaire მიხედვით.


კითხვარის და PSG გამოკვლევის ანალიზის შედეგად დგება ძილის აპნოეს სინდრომის პროფილი რომელიც მოიცავს - AHI (აპნოე/ჰიპაპნოეს ინდექსი), აპნოეს ტიპს/ფორმას და ინდექსს (ობსტრუქციული, ცენტრალური თუ შერეული), ხვრინვის სიმძლავრეს და ინდექსს, ჟანგბადის სატურაციის მაჩვენებლებს (მაქსიმალური, საშუალო, მინიმალური), Arousal („აქტივაციის“ რაოდენობას და ინდექსს), ძილის მაკრო და მიკროსტრუქტურას.

პაციენტებს უტადებათ შესაბამისი პროფილის კონსულაციები (ნევროლოგი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ენდოკრინოლოგი, სომნოლოგი) და განისაზღვრება ძილის აპნოეს მკურნალობის სტრატეგია.

ძილის აპნოეს მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ დღესდღეობით მიჩნეულია CPAP (პოზიტიური/დადებითი წნევით ჰაერის უწყვეტი მიწოდება) თერაპია.

AHI-აპნოე/ჰიპაპნოეს ინდექსის და აპნოეს ტიპის მიხედვით განისაზღვრება თერაპიის სახეობა (CPAP, IPap, BiPAP ან ASV) და ნიღაბის ტიპი (სრული, ნაზალური).