ბარიატრიული ქირურგია - ისტორია და უპირატესობები

2023-02-25

ბარიატრიული ქირურგია - ისტორია და უპირატესობები

თითოეული ადამიანი საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჭარბმა წონამ შესაძლოა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და სრულად შეცვალოს ჩვენი ცხოვრების ხარისხი და რიტმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 20 წლის წინ ჭარბწონიანობა აღიარებულ იქნა ეპიდემიად, ვინაიდან მას საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე. შაქრიანი დიაბეტი, გულის სხვადასხვა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, ეს ის მცირე ჩამონათვალია თუ რისი გამოწვევა შეუძლია ჭარბ წონას ადამიანის ორგანიზმში. წლების მანძილზე ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ ცხადყო, სხეულის წონაზე მოქმედებს როგორც ქცევითი, ჰორმონალური და მეტაბოლური ფაქტორები, ასევე გენეტიკურიც.

სამედიცინო კუთხით ჭარბი წონის დაძლევა დიდ ძალისხმევასთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ბარიატრიულმა ქირურგიამ კი შეძლო მიეღწია იმ მიზნისთვის, რაც პაციენტის ინტერესებს ყველაზე სწორად შეესაბამება და შედეგი წარმატებულად დგება.
უკანასკნელი 50 წლის მანძილზე შემუშავდა არაერთი ქირურგიული ტექნიკა, ლაპაროსკოპიულმა ქირურგიამ გააფართოვა ქირურგიული არეალი, გაზარდა მისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და ზუსტად მოერგო საზოგადოების მოთხოვნებს.

ისტორიული წყაროების მიხედვით პირველი ბარიატრიული ჩარევა მეათე საუკუნეში განხორციელდა ესპანეთში, მეფე სანჩო I, ლეონის პროვინციის მმართველი, რომელსაც ზედმეტი წონის გამო უჭირდა გადაადგილება, ცხენზე ჯირითი და ბრძოლისას ხმლის გამოყენება, ტახტის დატოვება მოუწია. ბებიის მოთხოვნით მეფე სამკურნალოდ გაემართა ებრაელ ექიმ - ჰასდაი იბნ შაპტურთან, რომელმაც მეფეს ტუჩების ნაწილი ამოუკერა და მხოლოდ თხევად საკვებზე გადაიყვანა, რის შედეგადაც მეფემ წონის ნახევარი დაიკლო და ტახტს დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ წონის კლების სპეციფიკური ინტერვენციები ნაკლებად არის მოხსენიებული სამედიცინო ლიტერატურაში, 1990 წლიდან, მას მერე რაც სიმსუქნე ეპიდემიად აღიარეს, სამედიცინო საზოგადოებამ დაიწყო მასთამ ბრძოლის ქირურგილი მეთოდების განხილვა და შემუშავება. პირველი ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ოპერაცია 1994 წელს ალან ვიტგროვმა ჩაატარა, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მეტაბოლური ქირურგიის ექსპონენციალური ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლისთვის მსოფლიოში უკვე 340 000 - ზე მეტი ბარიატრიული ოპერაცია იყო ჩატარებული.

ბარიატრიული ჩარევით და წონის დარეგულირებით, პაციენტს შეუძლია მოიწესრიგოს არტერიული წნევა, თავიდან აიცილოს შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე, ასთმა, ართრიტი და სხვა დაავადებები, რომელსაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.