2021-08-05
სხვადასხვა მონაცემით, ღვიძლის სიმსივნეს მე-5 ან მე-7 ადგილი უკავია გავრცელების თვალსაზრისით სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებს შორის მსოფლიო მასშტაბით. სიკვდილიანობით კი მეორე-მესამე ადგილზეა ფილტვის და კუჭის კიბოს შემდეგ. სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით ღვიძლის პირველადი სიმსივნე (ჰეპატოცელულური კარცინომა) საკმაოდ სპეფიციკურია და ამ დროს ქიმიოთერაპიის ჩატარება ვერ ხერხდება. როგორც წესი, ჰეპატოცელულური კარცინომა ჩნდება ხანგრძლივად მიმდინარე ციროზის ფონზე, რომელსაც მუდმივად თან ახლავე რომელიმე ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. იშვიათ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გაცხიმოვნებული ღვიძლი, ცხიმოვანი ჰეპატოზები, ალკოჰოლის ხანგრძლივი ინტენსიური მიღება, მემკვიდრეობითი დაავადებები და სხვა.
ბოლო პერიოდში ღვიძლის პირველადი სიმსივნის მკურნალობის მეთოდები დაიხვეწა და განვითარდა. დაავადების მართვის პროცესში ერთ-ერთი უახლესი მიდგომაა ქემოემბოლიზაცია, რომელიც სიმსივნური უჯრედების ადგილობრივად განადგურებას გულისხმობს. ქემოემბოლიზაციით შესაძლებელია ჰეპატოცელულური კარცინომა სრულად დამარცხდეს ან პაციენტის მდგომარეობა ისე გაუმჯობესდეს, რომ ქირურგიული ჩარევა გახდეს შესაძლებელი.
ღვიძლის პირველადი სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და წარმატებით დასრულებულ უჩვეულო შემთხვევებზე მრავალპროფილური კლინიკა "ჰელსიკორის“ ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება.
რატომ არის ღვიძლის პირველადი სიმსივნის მკურნალობა სპეციფიკური და განსხვავებული?
როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში ქიმიოთერაპიით იწყება, რომელიც სიმსივნურ ქსოვილებს აალაგებს, დააპატარავებს და შემდეგ უკვე ქირურგს ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა აქვს. ჰეპატოცელულური კარცინომის შემთხვევაში კი მკურნალობაში ქიმიოთერაპიის ჩართვა არაფექტურია. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ღვიძლის პირველადი სიმსივნის შორს წასული შემთხვევების დიდი ნაწილი შეიძლება ლეტალურად დასრულებულიყო. თუმცა უკანასკნელ წლებში გაჩნდა მკურნალობის ახალი მეთოდები, ერთ-ერთი - ქემოემბოლიზაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წარმოქმნილი ქსოვილები დავაპატარვოთ და ოპერაცია ჩავატაროთ. პაციენტებს, რომლებიც 10 წლის წინაც კი განწირულები იყვნენ, დღეს გადარჩენისა და სიცოცხლის გახანგრძლივების დიდი შანის აქვთ.
ქემოემბოლიზაციის რამდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენს ერთ-ერთ პაციენტს 10 სმ-მდე მოცულობის სიმსივნე ამოკვეთეთ. მოგვიყევით ამ შემთხვევის შესახებ. დღეს როგორ გრძნობს პაციენტი თავს?
მკურნალობის კურსის განსაზღვრის დროს, როგორც წესი, ბარსელონას კრიტერიუმს ვიყენებთ. ეს არის ყველაზე მკაცრი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული მკურნალობა ინიშნება. ჩვენს ერთ-ერთ პაციენტს ბარსელონას კრიტერიუმით მხოლოდ ქემოემბოლიის ჩატარება ეკუთვნოდა. მას 5 სიმსივნური წარმონაქმნი უფიქსირდებოდა და მათ შორის, ერთი ძალიან დიდი 10-მდე მოცულობის იყო. ბარსელონას კრიტერიუმით კი 2 სმ-ზე დიდი ქსოვილის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა არ ტარდება. ჩვენც მკურნალობა ქემოემბოლიზაციით დავიწყეთ, რომლის პარალელურადაც პაციენტი ჰეპატიტის ანტივირუსულ მკურნალობას იტარებდა.4 ქემოემბოლიზაციის შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ოპერაციის ჩატარება გადავწყვიტეთ. შედეგად ღვიძლის 8 სეგმენტიდან პაციენტს ორი, მე-2 და მე-3 სეგმენტი დარჩა, თუმცა დარჩენილი ორი სეგმენტი, რომელიც გაიზარდა და დღეს ღვიძლის მასა იმდენია, რამდენიც მას სჭირდება. მას შემდეგ 13 თვე გავიდა და რეციდივი არ განმეორებულა. პაციენტი საბოლოოდ განკურნებულად რომ ჩავთვალოთ, 2 წელი უნდა გავიდეს.
რამდენიმე წლის წინ ასეთი პაციენტი უბრალოდ დაიღუპებოდა. დღეს კი მას სრული გამოჯანმრთელების ძალიან დიდი შანსი აქვს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბარსელონას კრიტერიუმისა და სხვა გაიდლაინებისგან გადახვევა გიწევთ? ამ დროს, თქვენ, როგორც ქირურგი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ?
2 წელია "ჰელსიკორში“ ვმუშაობ და ამ პერიოდის განმავლობაში 350-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული. მათი ნახევარზე მეტი საკმაოდ რთული და კრიტიკული პაციენტები არიან, რომელთა მკურნალობის კურსის განსაზღვრაც ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს არის დიდი ჯგუფის ქირურგია, რომლის დეტალურ დაგეგმვასაც შეიძლება რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს. მაგალითად, გვქონია ისეთი შემთხვევაც, როდესაც 5 სიმსივნური ქსოვილი ამოვიღეთ, როდესაც მილანის კრიტერიუმით სამზე მეტი ქსოვილის არსებობის დროს ქირურგიული ჩარევა მოწოდებული არაა.
ზოგადად, მოწოდებული გაიდლაინები არის ძალიან მშრალი და დეტალებს არ ითვალისწინებს. ამ დროს ბევრი რამ ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ბარესლონას კრიტერიუმით ღვიძლის 10 სმ-იანი სიმსივნის ამოკვეთა არ არის რეკომენდებული, მაგრამ ჩვენ ვხედავდით, რომ ღვიძლის სურათი იყო ძალიან კარგი, სიმსივნეს პერიფერიული მდებარეობა ჰქონდა. ოპერაციის სწრაფად შესრულების შესაძლებლობა გვქონდა, რაც ნიშნავდა, რომ პაციენტს მინიმალურ ტრამვას მივაყენებდით. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადავუხვიეთ ბარსელონას კრიტერუმებს. თუმცა შეიძლება იყოს შემთხვევაც, როდესაც სიმსივნე 2 სმ-ზე დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ჩარევა ვერ შევძლოთ მისი მდებარეობის და ღვიძლის მდგომარეობის გამო. ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანი იმდენად დიდი იქნება, რომ აბლაციის ჩატარება სჯობს მიუხედავად იმისა, რომ ბარესლონას კრიტერიუმით ოპერაცია უნდა ჩაატარო.
მკურნალობის კურსის განსაზღვრის დროს კონსილიუმში ვინ მონაწილეობს? ამ პროცესში თქვენი უცხოელი კოლეგები თუ არიან ჩართული?
ჩვენ მივმართავთ პერსონალიზებულ მედიცინას, რომელიც ყველა პაციენტისთვის პერსონალურ მიდგომას გულისხმობს. მუდმივი კავშირი გვაქვს უცხოელ კოლეგებთან, რომელთან ერთადაც, საჭიროების შემთხვევაში ვაწყობთ ხოლმე კონსილიუმებს. ჩვენი პაციენტების მართვაში ექიმების დიდი ადგილობრივი ჯგუფის გარდა, ჩართულები არიან პროფესორები: ბავარიის ტრანსპლანტაციისა და ონკოქირურგიის ცენტრიდან, ბერლინი - ფოცდამის საუნივერსიტეტო კლინიკიდან, ლუბეკის საუნივერსიტეტო კლინიკიდან,ასანის უნივერსიტეტის ღვიძლის ქირურგიის ცენტრიდან. მათ ვუკავშირდებით, როდესაც რთული, კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
სწორედ პერსონალიზებული მიდგომის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენთან ღვიძლის პირველადი სიმსივნეების დროს ოპერაციის შედეგად განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.
თქვენ იმ გუნდის წევრი ხართ, რომელმაც 2014 წელს საქართველოში ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაცია განახორციელა. დღეს რა ვითარებაა ღვიძლის გადანერგვის კუთხით?
ზოგადი ქირურგი ვარ, თუმცა ღვიძლის და პანკრეასის ქირურგია ყოველთვის ყველაზე მეტად მიზიდავდა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში წავედი. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, შევუერთდი გუნდს, რომელმაც პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია განახორციერლა. საქართველოში იმ პერიოდში ინდოელი პარტნიორები გვყავდა, რომლებიც ცოცხალი დონაციით ტრანსპლანტაციაში ძალიან გამოცდილები იყვნენ. ბევრი წარმატებული ოპერაციაც ჩავატარეთ. თუმცა ყოველთვის მინდოდა, პაციენტებისთვის უფრო მაღალი სტანდარტი შემეთავაზებინა. სწორედ ამიტომ 2019 წელს საქმიანობის "ჰელსიკორში“ გაგრძელება გადავწყვიტე. არჩევანი გავაკეთე ისეთ კლინიკაზე, სადაც კარდიოქირურგია,ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რადგან ეს ჩემს მიმართულებაში ერთ-ერთი მთავარი,აუცილებელი ფაქტორია. მეორე მხრივ, ჩვენთან ტექნოლოგიური აღჭურვილობა უმაღლესი დონისაა. ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება, რომ მაღალ დონეზე ჩავატარო ოპერაციები. პრეტენზია გვაქვს, რომ უმაღლესი დონის მომსახურებას ვთავაზობთ პაციენტებს და დიდი შემართებით ვმუშაობთ იმისათვის, რომ ასეთივე მაღალ დონეზე და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ჩავატაროთ ტრანსპლანტაციაც.